სტუ-სა და ComCom-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

სტუ-სა და ComCom-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

01-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობა მემორანდუმით გამყარდა. დოკუმენტს უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ციფრული მედიაპროდუქტებისა და მედიაწიგნიერების თემატიკაზე, სტუდენტების ჩართულობით შეიმუშავებენ და განახორციელებენ საგანმანათლებლო-კვლევით პროექტებს, ასევე, ერთობლივ კოორდინაციას გაუწევენ სტუდენტებისთვის სასწავლო სესიების, სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით. 

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საკვანძო დარგებში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადებას, მნიშვნელოვანია ღია და მჭიდრო თანამშრომლობა კომუნიკაციების კომისიასთან, რომელიც ციფრულ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მარეგულირებელი ორგანოა.  

„ის საკვანძო დარგი, რომელსაც კომუნიკაციების კომისია არეგულირებს, პირდაპირ ბმაშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რადგან სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ComCom-თან მემორანდუმით გამყარდა, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით კი სტუდენეტებისთვის. ერთობლივად ვგეგმავთ ტელეკომის დარგში აქტუალურ თემებზე ღონისძიებების ჩატარებას, კვლევითი თუ საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებას, ციკლური სალექციო შეხვედრების ორგანიზებას, ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც კომისიის ფუნქციებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და მათ კარიერულ განვითარებას“, - განაცხადა  კარლო კოპალიანმა.

როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, მემორანდუმი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კომისია ნაყოფიერად ითანამშრომლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან, ექნება აქტიური კომუნიკაცია იმ სტუდენტებთან, რომლებიც ტელეკომის დარგის მომავალ პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ. მისი თქმით, ComCom-ის მიზანია, დააინტერესოს ახალგაზრდები ტელეკომის დარგში მიმდინარე პროცესებითა და მისი განვითარების პერსპექტივებით, ხელი შეუწყოს მათ, გაანალიზონ კომისიის, როგორც დარგის რეგულატორის როლი და ის შესაძლებლობები, რასაც კომუნიკაციების კომისია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ქმნის. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, თამარ ლომინაძის განცხადებით,

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტია უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის, რადგან ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ზოგადად, ამ დარგის რეგულირება მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც უკავშირდება საინჟინრო-ტექნოლოგიურ განათლებას, კვლევებს და დიდწილად განაპირობებს ქართული ეკონომიკის წინსვლას. დეკანის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი და ComCom-ი ერთად გაარძელებენ სვლას საერთო მიზნისკენ, რაც გულისხმობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული, ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების ფორმირებას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანენ.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სანდრო ქარუმიძემ სტუ-ის სტუდენტებს 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბაკალავრმა რატი მიქაშავიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის, რადგან ComCom-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა მეხუთე თაობის ტექნოლოგიის უპირატესობების, სპეციფიკაციების, განმასხვავებელი ნიშნებისა და იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც კომისიამ ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელთა საინფორმაციო სალექციო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

 

სიახლეებში დაბრუნება