საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ცნობილ პოლონელ მეცნიერს, ფილოსოფოსსა და სოციოლოგს, ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, ბრემენისა და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტების პროფესორს, კრაკოვის აკადემია Ignatium-ის საგანგებო პროფესორს, ზდისლავ კრასნოდებსკის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და დამადასტურებელი დიპლომი და ოქროს მედალი გადასცა.
პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პოლონელ მეცნიერსა და ევროპარლამენტარს, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელის თანახმადაც, განსაკუთრებული წვლილისთვის მას სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება და ოქროს მედალი გადაეცა.
„ეს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - გვსტუმრობს ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, რომლის სახელი და სამეცნიერო მოღვაწეობის ფართო სპექტრი კარგად არის ცნობილი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევრებისთვის. ამავდროულად, პროფესორი ზდისლავ კრასნოდებსკი არის ცნობილი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ასევე მოქმედი ევროპარლამენტარი და კომიტეტის ვიცე-სპიკერი. ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო კლასტერი - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, პროფესორ მამუკა ბერიაშვილის ხელმძღვანელობით, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბატონ ზდისლავ კრასნოდებსკისთან. სწორედ ამ სამეცნიერო-პედაგოგიური კოლაბორაციის შედეგია ჩვენი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. აღსანიშნავია, რომ ბატონ კრასნოდებსკის, ხორვატ მეცნიერ, პროფესორ იურე ზოვკოსთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის 2024 წელს, ჰეგელის მორიგი საერთაშორისო კონგრესის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარების მხარდაჭერაში. ჩვენს უნივერსიტეტს დიდი და შთამბეჭდავი ისტორია და ტრადიციები აქვს, რაც საქართველოში საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების აღორძინებას უკავშირდება. დღეს კი საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებთან ერთად, უნივერსიტეტში აქტიურად ვითარდება სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები, რაშიც დიდია ჩვენი ფაკულტეტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების ძალისხმევა და მათთან ერთად, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის წვლილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივ თანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ევროკავშირის ქვეყნების აკადემიურ სივრცეებთან მეტად დაახლოებისა და ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერისთვის, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის მიენიჭოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. უნივერსიტეტის სახელით, ვუდასტურებთ პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის ჩვენს დიდ პატივისცემას და ვუსურვებთ დღეგრძელობას და წარმატებებს სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
პოლონელმა მეცნიერმა და ევროპარლამენტარმა, პროფესორმა ზდისლავ კრასნოდებკიმ საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტთან სამეცნიერო პარტნიორობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
„ჩეთვის დიდი პატივია, ვატარო იმ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, რომელთანაც მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს. მადლობას ვუხდი რექტორსა და აკადემიურ საბჭოს ამ ჯილდოსთვის. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, პროფესორ მამუკა ბერიაშვილთან, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილსა და ქართველ კოლეგებთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით, ერთობლივად კიდევ არაერთ სამეცნიერო პროექტს განვახორციელებთ, რადგან მხარს ვუჭერ დიალოგსა და ურთიერთობის გაღრმავებას განათლებასა და მეცნიერებაში. ეს ჩემი დიდი სურვილია, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ევროპულ სივრცეს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ ოჯახში, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება სასარგებლო, არამედ ევროკავშირისთვისაც. საქართველო, უდავოდ, გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს თავისი კულტურით, უძველესი ისტორითა და ტრადიციებით, მეცნიერებითა და იმ უდიდესი პოტენციალით, რაც ამ ულამაზეს ქვეყანასა და ხალხს ასე უხვად გააჩნია“, - აღნიშნა პროფესორმა ზდისლავ კრასნოდებსკიმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონელმა მეცნიერმა და ევროპარლამენტარმა, პროფესორმა ზდისლავ კრასნოდებსკიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელებულ პროექტში - „საგაზაფხულო სკოლა ქართველი და პოლონელი დოქტორანტებისათვის“, რის შემდეგაც ევროკავშირის მომავალის, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების წინაშე სტუ-ში საჯარო ლექციით წარსდგა.