სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველს შეხვდა

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველს შეხვდა

19-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველს, პიტერ ლინთჰომს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე და საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის კოორდინატორი ალექსანდრე ზედელაშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველთან, პიტერ ლინთჰომთან შეხვედრა ორ სექციად წარიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობით ხასიათს ატარებდა, ხოლო მეორე ნაწილი სამეცნიერო მიმართულებას დაეთმო. მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველი სტუ-ის მეცნიერებს, პროფესორებს - ვახტანგ კვარაცხელიას, ლაშა შერმაზანაშვილს, თამარ კაჭარავას, მაია კუხალეიშვილს, კახა გორგაძეს და ეკატერინე სანაიას შეხვდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სტუ-ის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო წრეების შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში კვლევითი ინსტიტუტების მიერ კვლევების შედეგები, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების მდგრადობა, კვლევების განვითარების მონიტორინგისა და შეფასებების ბერკეტები და კვლევების განვითარების მონიტორინგისა და ეფექტიანობის შეფასების გასაუმჯობესებლად საჯარო მექანიზმის იდენტიფიცირება.

„მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველი პიტერ ლინთჰომი დეტალურად გაეცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივებსა და კვლევებს. ჩვენ წინაშე ბევრი საინტერესო გამოწვევაა, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულების ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. სწორედ იმიტომ, რომ გამოწვევები სათანადოდ იქნას დაძლეული, უნივერსიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირება, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან კოლაბორაციით, მუშავდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტში მოქმედებს მაღალი სტანდარტის სასწავლო პროცესის შესაბამისი კვლევითი ლაბორატორიები. ჩვენი მეცნიერები საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კვლევებს ატარებენ. ბატონ პიტერ ლინთჰომთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მსოლფიო ბანკი 2019 წლიდანაა დაინტერესებული საქართველოს სახელმწიფოს განათლების სისტემის მხარდაჭერით. მათი მხრიდან ჩვენი მეცნიერების არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა დაფინანსდა“, - განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულს, მსოფლიო ბანკის გლობალური ინოვაციების მრჩეველმა პიტერ ლინთჰომმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და  მეცნიერთა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაციისთვის. როგორც ლინდჰომმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოდგენილია უნიკალური დარგები, სადაც მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს, შესაბამისად, უნივერსიტეტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. როგორც პიტერ ლინთჰომმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას და ასევე, დახვეწოს მექანიზმი იმისათვის, რომ ქართველ მეცნიერთა კვლევებმა გაცილებით ფართო მასშტაბები შეიძინოს.

 

 

 

სიახლეებში დაბრუნება