სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

19-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილსა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) რექტორს, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ასევე, დამადასტურებელი დიპლომი და ოქროს მედალი გადასცა.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებასა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვგეგმავთ ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, სტუდენტების მონაწილეობით. დოკუმენტი, ასევე, მოიცავს აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1000-მდე აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას და მათ შორის ბევრია მოტივირებული ახალგაზრდა, მაღალი აკადემიური მოსწრებით. სწორედ ეს სტუდენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს დაამთავრებენ, გახდებიან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დესპანები და მათი ძალისხმევით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სემინარის, კონფერენციისა და კულტურული პროგრამის განხორციელებას. ამ გადაწყვეტილებით, ხელს შევუწყობთ ორი ქვეყნის აკადემიურ სივრცეებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, მეტად გაიფართოვონ დიაპაზონი, პედაგოგებთან ერთად პროექტებში ჩაერთონ და თავისი სპეციალობით კვალიფიკაცია აიმაღლონ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის წარმომადგენლთა ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმები უაღრესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის, ახალი პროექტების შემუშავებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარების მიმართულებით.

„ყველა ეს მემორანდუმი ნიშნავს კავშირების მეტად გაღრმავებას, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მეტად დაახლოებას, ახალი კვლევებისა და პროექტებისთვის ნიადაგის მომზადებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს“, - აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ჰაფიზ ფაშაევმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებსა და სტუდენტებს წარმატება უსურვა. როგორც პროფესორმა ჰაფიზ ფაშაევმა აღნიშნა, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რაც ძლიერ ბიძგს მისცემს ახალი ერთობლივი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედების კოლექტივები - ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ ცეკვებით - „ქართული“ და „ლეკური“, ხოლო ვაჟთა სახალხო კაპელა კი „მრავალჟამიერით“ წარსდგა.



https://www.imedi.ge/ge/video/127402/saqartvelos-teqnikuri-universitetis-reqtori-saqartveloshi-samus...

 

სიახლეებში დაბრუნება