სტუ-სა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17-05-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, სტუ-ის ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საკვანძო დარგებში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადებას, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ უწყებასთან, რომელიც ნავთობისა და გაზის სფეროში რეგულატორი ორგანიზაციაა და გააჩნია მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება ნავთობის და გაზის მომპოვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებთან.

„მოხარული ვართ, რომ ღონისძიება, რომელზეც გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის, ასეთი წარმომადგენლობითია. მადლობას ვუხდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რომეო მიქაუტაძეს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მადლობას ვუხდით ჩვენი სამი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს ასეთი დაინტერესებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში არაერთი ქმედითი ღონისძიება დაიგეგმება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ფორმირებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად. ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარების მიზნით, დაორგანიზდება სალექციო შეხვედრების ციკლი, რომელსაც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ტატიშვილი გახსნის, ჩატარდება ტრენინგები, როგორც სააგენტოს სპეციალისტების, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენელთა მენტორობით, ამოქმედდება ერთობლივი პროექტები და სტაჟირების პროგრამები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს EMTP პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნა. ეს ელექტროენერგეტიკული დარგის ერთ-ერთი ლიდერი პროგრამაა, რომელიც გამოირჩევა მოდელირებისა და სიმულაციის ღრმა დეტალიზაციით, მაღალი პრეციზიულობით და გამოიყენება ელექტრული, ელექტრომაგნიტური, ელექტრომექანიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციისთვის ენერგეტიკის დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტში. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ განვითარებასა და კარიერულ ზრდაში, ასევე, დავეხმაროთ, აწარმოონ კვლევები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში, გაიაზრონ დარგში მიმდინარე პროცესები და თავადაც ჩაერთონ აქტუალური საკითხების განხილვაში“, - განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ დადებითად შეაფასა სახელმწიფო სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების ფაქტი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის ზრდას ენერგეტიკის, განსაკუთრებით კი, ნავთობისა და გაზის სექტორებში და ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას საჯარო სექტორში. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ქვეყნის ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმის შესახებ და ყურადღება გაამახვილა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის მნიშვნელობასა და შავი ზღვის ენერგოკაბელის რეგიონულ პროექტზე, რომელმაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირის ენერგოსისტემასთან უნდა დააკავშიროს.

როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა აღნიშნა, მემორანდუმი მოიაზრებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის - საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დარგში მოქმედ ორგანიზაციებს შორის საინფორმაციო ნაკადების სრულყოფილად მიმოცვლის პროცესის დარეგულირებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. მისი თქმით, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის და სხვა მინერალური რესურსების სექტორში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყვნენ სათანადოდ მომზადებული იმ მიზნით, რომ წარმატებით დასაქმდნენ.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში, გაიმართება ინტერაქციური სალექციო სესიების ციკლი, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი გახსნის. სალექციო სესიები, რომლებიც დისკუსიის ფორმატსაც ითვალისწინებს, შეეხება ენერგეტიკას, ნავთობის და გაზის სექტორს, ენერგორესურსების ტრანპორტირებას, ქვეყნის ენერგოდერეფნის სტრეტეგიულ დანიშნულებას და დარგში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სიახლეებში დაბრუნება