სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა „ფაკულტეტის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი თვითშემოქმედებითი ჯგუფის წარდგენით დაიწყო

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა „ფაკულტეტის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი თვითშემოქმედებითი ჯგუფის წარდგენით დაიწყო

15-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კონცერტი გამართეს.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, სტუ-ის კანცლერი, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, „ნინევია“ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა.

„პირველი სემესტრის ბოლოს დეკანატს თხოვნით მიმართა თვითმმართველობის ხელმძღვანელმა ირაკლი შიოშვილმა, რათა სტუდენტებისთვის ხელოვნების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა მიგვეცა. ფაკულტეტმა გამოყო შესაბამისი სივრცე, სადაც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სტუდენტები იკრიბებოდნენ და რეპერტუარს არჩევდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტის მენეჯერმა ზაზა ბუაჩიძემ მათ ყველა პირობა შეუქმნა რეპეტიციისთვის. სტუდენტებმა, პროფესორ ალეკო ცინცაძეს, რომელიც მათ ძალიან გულშემატკივრობდა და ყველა რეპეტიციას ესწრებოდა, სთხოვეს იღბლის მომტანი და საინტერესო დატვირთვის სახელი შეერჩია ჯგუფისთვის. ბატონი ალეკოს არჩევანი - „ნინევია“, მათ ძალიან მოეწონათ. აი, ასე შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც პირველი კონცერტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა. ღონისძიებაში ჩართული იყო 25-ზე მეტი სტუდენტი. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის პირველი კონცერტი მრავალფეროვანი იყო. ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა დადგა ორი ცეკვა. ასევე, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოემები ფორტეპიანოზე შეასრულეს სტუდენტებმა გიორგი კუტალიამ, მირიან შავაძემ და ელენე ოქროჯანაშვილმა. კონცერტზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა „ქალდეამ“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი ალეკო ცინცაძე აცხადებს, თვითშემოქმედებითი ჯგუფისთვის სახელის შერჩევა მისთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლო იყო.

„როდესაც სტუდენტებმა მთხოვეს მათი ჯგუფისთვის სახელი შემერჩია, ძალიან გამიხარდა რომ მენდნენ. სიმართლე გითხრათ ბევრი ვიფიქრე და არაერთი ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა, ბოლოს ნინევიაზე შევჩერდით. საქმე ისაა, რომ ნინევია ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც ერთი, საერთო, თავდაპირველი ენის, იგივე დედა ენის დედაქალაქი. სწორედ ნინევიაში შეიქმნა თავდაპირველი, იგივე ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა. ბიბლიის თანახმად, ეს ენა შემდეგ დაიშალა და ყველა უძველესმა ხალხმა ოდნავ შეცვლილი თავის ენაში წაიღო. მხოლოდ ერთმა დაიტოვა უცვლელად. ნინევიის ცხოვრებას ქალდეველები წარმართავდნენ. მეცნიერული ფაქტების თანახმად, ნინევია დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულში (დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე), მაშინდელ ბაბილონსა და ასურეთში იმდროინდელი იბერიული ტომების მიერ. ბოლოდროინდელი კვლევებით მტკიცდება, რომ ნინევიაში შექმნილი ენა, იბერიული (ქართული) ენათა ოჯახის საფუძველია. აი, ამიტომ შევთავაზე სტუდენტებს ჯგუფის სახელად ნინევია, რაზედაც ისითი დამეთანხმნენ. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. წარმატებები მინდა ვუსურვო „ნინევიას“, - განაცხადა ალეკო ცინცაძემ.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე წელს, 19 ივნისს პირველად აღინიშნება. უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღე“ სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით გასულ წელს დაწესდა, რომელსაც თოთხმეტივე ფაკულტეტი წლის სხვადასხვა დროს აღნიშნავს. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა „ფაკულტეტის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი „ნინევიას“ წარდგენით დაიწყო.

 

სიახლეებში დაბრუნება