საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ ოქროს მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე, აკადემიური წრეებისა და იტალიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იტალიის უნივერსიტეტებში განათლებას იღებენ.
საზეიმო ღონისძიებაზე სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების უმაღლესი ჯილდო და დიპლომი საზოგადოების გენერალურმა მდივანმა პროფესორმა ალესანდრო მაზიმ გადასცა.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
„მადლობას ვუხდი დანტე ალიგიერის საზოგადოებას, პროფესორ ანდრეა რიკარდისა და პროფესორ ალესანდრო მაზის საპატიო ჯილდოს გადმოცემისთვის, რომელიც იტალიის უზენაესი პოეტის, დანტე ალიგიერის სახელს ატარებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და ალიგიერის საზოგადოების მხარდაჭერით, ასევე, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობითა და იტალიაში საქართველოს საელჩოს თანადგომით, ერთობლივად შემუშავდა საერთაშორისო პროექტი, რის შედეგადაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი - „დანტეს კაბინეტი“. შემუშავებულია იტალიური ენისა და კულტურის ეფექტური და ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინური უფასო კურსები სტუდენტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა და თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტს, უსასყიდლოდ შეისწავლოს იტალიური ენა და ეზიაროს ამ დიდ კულტურას. ამ ეტაპზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ იტალიური ენა, სილაბუსის სახით, ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში აისახოს. შეუძლებელია, არ აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არაერთი ჩვენი სტუდენტი იღებს განათლებას და ეწევა კვლევით საქმიანობას. მადლობას ვუხდი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას. დარწმუნებული ვართ, დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის მეგობრობა სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება, რაც დიდად წაადგება საქართველოსა და იტალიის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცეების მეტად დაახლოებას“, - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე სტუ-ის რექტორმა დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ანდრეა რიკარდისა და საზოგადოების გენერალურ მდივანს, პროფესორ ალესანდრო მაზის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, დანტე ალიგიერის საზოგადოების ხელმძღვანელებს, სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის ოქტომბერში მიენიჭათ.
დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი, პროფესორი ალესანდრო მაზი თავის გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. მისი თქმით, იტალიასა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პირადად რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა შეიტანეს. როგორც ალესანდრო მაზიმ აღნიშნა, ქართულ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია იტალიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„მოხარული ვართ, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების ჯილდო გადავეცით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს - ადამიანს, რომლის პირადი დამსახურებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ასევე, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, შეიქმნა იტალიური ენისა და კულტურის შემსაწავლელი ჰიბრიდული აუდიტორია. ჩვენთვის, ასევე, დიდი პატივია, ის ჯილდო და წოდება, რაც დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დამყარებული საუკეთესო თანამშრომლობის გათვალისწინებით, რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ მოგვანიჭა. გვჯერა, ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ მეტად გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება. ორივე მხარეს ღრმად გვწამს, რომ განათლება და მეცნიერება, კულტურა და სამოქალაქო დიალოგი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის, მოგვიტანს საუკეთესო შედეგებს, ჰუმანიზმსა და მშვიდობას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ჰუმანიზმი და მშვიდობა სწორედ ის კულტურული მონაპოვარია, რომელიც სკოლისა და უნივერსიტეტის კედლებში ყალიბდება“, - აღნიშნა პროფესორმა ალესანდრო მაზიმ.
რომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომლებზეც მხარეებმა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.