საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტმა კომაროვის და ილია მართლის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტმა კომაროვის და ილია მართლის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

11-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტმა კომაროვის სახელობის და საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლების უფროსკლასელებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

მომავალმა ამბიტურიენტებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო, საექსპერტო და საგამოცდო ლაბორატორიები, როგორიცაა,   მშენებლობის, ხიდსაცდელი და სამშენებლო მანქანების ლაბორატორიები,  დაათვალიერეს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორიების თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს თითოეული დანადგარის მუშაობის პრინციპი და მათი თანდასწრებით ჩაატარეს ცდები, უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შემაჯამებელი შეხვედრა  სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში შედგა, სადაც მათ  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშენებლობის როლს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაში, არსებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის თქმით, პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრეს ფაკულტეტის როლზე მშენებლობაში და წარმატებულ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან ცნობილ სამშენებლო ფირმებში და ასევე, მოღვაწეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ასევე, მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამების
შესახებ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა პროგრამაზე 450-ზე მეტი პირველკურსელი იწყებს სწავლებას. დღევანდელი მონაცემებით ფაკულტეტზე 3000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სამშენებლო ფაკულტეტით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ჩვენთან ხშირია სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების სტუმრობა. აქ მომავალ მშენებლებს საინტერესო გარემოში,  ევროპული სტანდარტის ლაბორატორიებში უწევთ განათლების მიღება და სამეცნიერო კვლევების ჩატარება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული განვლილი წლების განმავლობაში ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ინჟინრების მიერაა აგებული მრავალი სტრატეგიული დანიშნულების თუ სხვა ტიპის ობიექტი. მაგალითად მხოლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება დავასახელო და ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. ეს არის ჰესი, რომელიც დღემდე მსოფლიო ინჟინერიის მონაპოვარად ითვლება. კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეიძლება, ესენია: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, ანტენა ”რეფლექტორი”, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა, რომელიც შეტანილია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში, როგორც არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა და მსოფლიოს საოცარი ნაგებობებიდან ერთ-ერთია და ა.შ. ამ ისტორიის გაცნობის, ლაბორატორიების დათვალიერების შემდეგ, ბევრი მოსწავლე ინტერესდება ჩვენი ფაკულტეტით, მით უმეტეს, სახელმწიფოს მიერ მშენებლობის პროგრამა ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

სიახლეებში დაბრუნება