დემურ ჩომახიძე

10-05-2023

ქართველი ერის ისტორია ჟამთა განგების წყალობით დროდადრო წარმოაჩენს ხოლმე თვალსაჩინო პიროვნებებს, რომლებიც პროფესიული საქმისადმი მიძღვნილი გამორჩეული ცხოვრებითა და ღირებული საზოგადოებრივი, პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობით წარუშლელ კვალს ტოვებენ ქვეყნისა და ერის ისტორიაში. ასეთი რანგის მოღვაწეთა შორის ღირსეული ადგილი უკავია ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ დემურ ჩომახიძეს, რომელსაც ბედმა არგუნა დიდად საპატიო, მაგრამ იმავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო მისია – ათეული წლების განმავლობაში ყოფილიყო ქვეყნისა და ერის სამსახურში ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მეცნიერ-მუშაკთა აღზრდის ასპარეზზე.

ქართულ მეცნიერებას, საქართველოს საინჟინრო-ეკონომისტთა და ენერგეტიკოსტთა საზოგადოებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა რიგებს სულ ახლახანს გამოაკლდა ღვაწლმოსილი წარმომადგენელი და სახელოვანი პიროვნება,  ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო, ეკონომიკური, ენერგეტიკისა და საერთაშორისო საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიების წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დემურ ჩომახიძე.

ბატონი დემური დაიბადა 1939 წელს ქ. ხონში. 1964-1969 წლებში მუშაობდა ტრესტ ,,ჭიათურ-მანგანუმის“ სისტემაში; აღსანიშნავია, რომ მან ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე მეცნიერული საქმიანობა ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჯერ ინჟინერ-ეკონომისტად, შემდეგ − სექტორის და ბოლოს,− განყოფილების გამგედ.

აღსანიშნავია, რომ ბატონი დემური იყო საქართველოში ენერგეტიკის დამოუკიდებელი რეგულირების დაწყების ერთ-ერთი მონაწილე და 1996-2004 წწ.-ში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პირველი შემადგენლობის წევრი, დეპარტამენტის დირექტორი, მეცნიერ-კონსულტანტი (2005-2007 წწ.) მას გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 250 სამეცნიერო ნაშრომი მრეწველობის და ენერგეტიკის ეკონომიკის და რეგულირების პრობლემებზე (ციტირების ინდექსი – 58, h ინდექსი – 4), რომელთა შორისაა მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები და სხვა დაბეჭდილია როგორც საქართველოს ასევე, საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში. აღსანიშნავია, რომ  20-ზე მეტი წიგნი მიძღვნილია ენერგეტიკის განვითარებისა და რეგულირების საკითხებზე და სათბობ–ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებისა და ეკონომიკის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით სხვადასხვა დროს დამუშავდა ენერგეტიკის განვითარების ინდიკატური გეგმები, პროგნოზები, კონცეფციები. მათგან სამ სამეცნიერო ნაშრომს მინიჭებული აქვს ეკონომისტთა საზოგადოების, საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიის პრემიები.


ბატონი დემური დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. ხოლო, 2007 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  უფროსი მრჩეველი და შეთავსებით ეწეოდა  სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროფესორის წოდებით და, ღირსეულად ემსახურებოდა მაღალი კვალიფიკაციის საინჟინრო-ეკონომიკური მიმართულების კადრების მომზადებას; განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ნაყოფიერი  და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულების პროფესორის რანგში, სადაც მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციების კურსს ენერგეტიკის ეკონომიკის, მენეჯმენტის და რეგულირების დისციპლინებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის აქტიური მონაწილე.

საგულისხმოა, რომ ბატონი დემური იყო საოცრად თავდადებული, შრომისმოყვარე და პრინციპული საქმიან ურთიერთობებსა და პროფესიულ ასპარეზზე, გამორჩეული და ერთგული მეგობარი, ახალგაზრდა თაობათა ღირსეული აღმზრდელი და მათთვის ცხოვრების გზის გამკვალავი. ბოლო წლებში, მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცული იქნა 10 სადოქტორო და სამაგისტრო დისერტაცია. ამავე მიზნით იგი ხშირად გვევლინებოდა რეცენზენტის როლში. მის მიერ აღზრდილი თაობებიდან მრავალი ცნობილი მეცნიერი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონ დემურ ჩომახიძის ადამიანური და საქმიანი თვისებებიდან − პატიოსნება, ერთგულება, კეთილშობილება, შრომისმოყვარეობა, მაღალი პროფესიონალიზმი, ღრმად განსწავლულობა, მეგობრობა, პატრიოტიზმი, ფართო ერუდიცია, დიდი პასუხისმგებლობა, რთული და მრავალფეროვანი მასალის შესანიშნავად ფლობის და გასაგებად გადმოცემის უნარი, კეთილსინდისიერება, მომთხოვნელობა და პრინციპულობა გულისხმიერებასთან და მზრუნველობასთან ერთად, გულთბილი, კეთილგონივრული და დიდსულოვანი დამოკიდებულება საქმისა და ადამიანებისადმი სწორედ ის მთავარი თვისებები და  მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდა იგი, რითაც დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა კოლეგებს, მეგობრებსა და ახალგაზრდა თაობებს შორის. მან თავისი დიდი მეცნიერული ავტორიტეტით და პირადი ცხოვრებისეული მაგალითის წყალობით დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი გამოჩენილ ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა შორის. ამასთან, ბატონი დემური იყო შესანიშნავი ოჯახის მზრუნველი მეუღლე, მამა, ბაბუა, რომელსაც არაჩვეულებრივად გამორჩეული ოჯახი დარჩა; 2  კეთილშობილი და სათნო მეუღლე ქალბატონი იზა, ვაჟიშვილი ირაკლი, რძალი მაია, ქალიშვილი ხათუნა, სიძე დავითი, შვილიშილები ლევანი, დემური, მარიამი და თორნიკე, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით უფრთხილდებიან და სათუთად ინახავენ ბატონი დემურის როგორც გამორჩეული და ღირსეული პიროვნების ნათელ ხსოვნას და, წარმატებულად საქმიანობენ თავიანთ პროფესიულ ასპარეზზე.

ბატონ დემურის როგორც სიკეთით სავსე პიროვნების სახელი, რომელმაც თავისი მაღალი ადამიანური თვისებებით და უანგარო პროფესიონალური საქმიანობით ნათელი ხსოვნა დატოვა, სამუდამოდ დარჩება მრავალრიცხოვანი მოწაფეების, კოლეგებისა და ახლობლების გულებში,  რომლებიც დიდი პატივისცემით იგონებენ მას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გულის ტკივილით თანაუგრძნობენ ბატონ დემურ ჩომახიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. მისი სახელი მუდამ ემახსოვრება მშობლიურ უნივერსიტეტს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ღრმა შეგნებით ემსახურა და უერთგულა.

ღმერთმა ნათელი და სასუფეველი დაუმკვიდროს, იქ სადაც მართალნი განისვენებენ, გამოჩენილი მეცნიერის, კეთილშობილი მამულიშვილის,  ღირსეული პიროვნების, ბატონ დემური ჩომახიძის უკვდავ სულს!

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

პროფესორ-მასწავლებლები

 

სიახლეებში დაბრუნება