საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს ულოცავს

09-05-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერან პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს და ომში გმირულად დაღუპულთა ოჯახებს   ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს ულოცავს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით,  საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს გმირ 300 ათას ქართველს, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ და მსოფლიოს უკეთესი მომავალისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღეს.

როგორც სტუ-ის რექტორი აღნიშნავს, სიმბოლურია, რომ დღეს, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, საქართველოსა და მისი მომავალი თაობებისთვის კი ევროპული პერსპექტივა დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების ძლიერ გარანტს წარმოადგენს. 

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მათი თავდადება. მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელია. ფაშიზმთან ბრძოლაში 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა და მათგან 300 ათასი შინ აღარ დაბრუნებულა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები. ეს უდიდესი მსხვერპლია, რომელიც ჩვენმა პატარა ქვეყანამ გაიღო მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. ვულოცავთ ფაშიზმთან გამარჯვების 78-ე წლისთავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერან პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს. სიმბოლურია ისიც, რომ 9 მაისს ევროპის დღე და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აღინიშნება. სწორედ ევროპული პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და სტაბილური განვითარების ძლიერი გარანტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს კი მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

სიახლეებში დაბრუნება