საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ და სტუდენტებს, თავდაცვის ძალების გაცნობის მიზნით, განახლებული პროექტი - „ჩვენი ჯარი“ წარუდგინეს.
პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს, ახალგაზრდებში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, ახალგაზრდა თაობაში ქვეყნის თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია აქტიურად უნდა ხდებოდეს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პატრიოტიზმის გაღრმავებას, ასევე, სამხედრო და სამოქალაქო ურთიერთობების სწორ ჭრილში წარმართვას. როგორც სტუ-ის კანცლერმა აღნიშნა, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე ახალგაზრდებს დეტალურად სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესაუბრონ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც დაახლოებით, 23 ათასი სტუდენტი სწავლობს. ვფიქრობთ, ჩვენს ახალგაზრდებს გარკვეული პერიოდულობით უნდა მიეწოდებოდეთ ინფორმაცია ეროვნულ თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი ცნობიერება ქართულ ჯართან დაკავშირებით, ჰქონდეთ ინფორმაცია საერთაშორისო სწავლებებისა თუ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დღევანდელ მოცემულობაში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წვევამდელთა გაწვევას ეხება. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია ამ საკითხზე ახალგაზრდებმა ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღონ, მათგან შეიტყონ, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო გაწვევის საკითხის დარეგულირებას ისე, რომ არც სასწავლო პროცესი დაზარალდეს და არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა წვევამდელთა გაწვევასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება“, - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.
უნივერსიტეტის სენატის სპიკერის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის განცხადებით, სტუ-ის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს ქვეყნის თავდაცვის ძალების მნიშვნელობას, ასევე, იმ ახალი მიდგომების დანერგვას, რაც გულისხმობს ნატოს ფორმატთან მიახლოებას, ტოტალური რეზერვის შექმნას, ახალი რეფორმების განხორციელებას, რაც თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების თანმდევი პროცესებია. როგორც სტუ-ის სპიკერმა აღნიშნა, ამ პროცესების შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება უაღრესად მნიშვნელოვანია.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტის - „ჩვენი ჯარი“ შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან და თემატურად შერჩეული, ფოტო-ვიდეომასალით გამდიდრებული პრეზენტაციების სახით, მათ საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიას, ამოცანებს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, სამხედრო სამსახურში მოხვედრისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აცნობენ; ასევე, მოზარდებსა და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალების ღირებულებებისა და პრიორიტეტების, საერთაშორისო სწავლებების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ესაუბრებიან. ვიცე-პოლკოვნიკ მამუკა მესხის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ამომწურავი, უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებმა მიაწოდონ.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამოთქვეს სურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ინტერაქტიული შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ჩაატარონ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის ღიად მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.