სტუ-ის სტუდენტები რუსთავის მერს შეხვდნენ

სტუ-ის სტუდენტები რუსთავის მერს შეხვდნენ

21-04-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ახალი პროექტი - „საქართველო - აწმყო, მომავალი, წარსული“ ამოქმედდა, რომელიც ქალაქ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის საჯარო ლექციით გაიხსნა.

საჯარო ლექციის დაწყებამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ იმ საუნივერსიტეტო გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რაც უშუალოდ ახალგაზრდების განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას ეხება, შეეხნენ ქალაქ რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩართულნი. რუსთავის მერმა რექტორს მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივები გაცნო და უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ განაცხადა, ახალი საუნივერსიტეტო პროექტი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ინტერაქციურ ფორმატში შეხვედრებს ითვალისწინებს.


„ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის ახალი პროექტი დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, სტუდენტები შევახვედროთ ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს იმ მიზნით, რომ შედგეს ინტერაქციური კომუნიკაცია, ახალგაზრდებმა უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების, წარმატებების, საკვანძო რეფორმების, საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ მოქალაქეებზე მორგებული ახალი პროექტების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო არმოჩნდება ჩვენი ქვეყნის, მისი რეგიონების, ცალკეული ქალაქებისა და ადმინისტრაციული ერთეულების აწმყოს, მომავლისა და წარსულის ამგვარად მიწოდება და გააზრება. ახალი საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, პირველი საჯარო ლექციით სტუდენტებს ქალბატონი ნინო ლაცაბიძე წარვუდგინეთ - ერთ-ერთი ძალიან ქმედითი, ენერგიული და ახალგაზრდა მერი, რომელიც განსაკუთრებული აქტივობითა და რუსთავის განვითარებაზე ზრუნვით გამოირჩევა“, - აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.

სტუ-ის მიხეილ მუსხელის აუდიტორიაში პროექტის ფარგლებში გამართულ პირველ საჯარო ლექციაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული თუ სამომავლო პროექტები ვიზუალური მასალის თანხლებით გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა ამოქმედება რუსთავის მერიის მხრიდან საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა - რუსთავის მერმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, ასევე, განხორციელებული რეფორმების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა,  ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების გეგმებზე, იმ პროექტებზე და რეფორმებზე, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს.  რაღა თქმა უნდა, ვისაუბრეთ  იმ გამოწვევებზეც,  რომელთაც მთელი ქალაქი ვცდილობთ, რომ ერთად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საუნივერსიტეტო პროექტის - „საქართველო - აწმყო, მომავალი, წარსული“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრებში მონაწილეობა უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. 

სიახლეებში დაბრუნება