სტუ-ში სტუდენტებისთვის ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

სტუ-ში სტუდენტებისთვის ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

06-04-2023

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სარეკრეაციო გარე სივრცის  განაშენიანება და კეთილმოწყობა უზრუნველყო. უნივერსიტეტმა პროექტი JEF - UNDP-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით და ასევე, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ბავშვი და გარემო“ და პოლონურ კომპანიასთან - „აგრომაქსდეკორი“ თანამშრომლობით განახორციელა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის, ასევე, მე-6 და მე-4 სასწავლო კორპუსების მიმდებარე გარე სივრცეების კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის მოწყობაზე იზრუნა. შედეგად, მე-3 სასწავლო კორპუსის მიმდებარე პარკი, რომლის ფართობიც 1400 კვადრატული მეტრია, ახალი ნარგავებით გამდიდრდა, ასევე, თანამედროვე სარწყავი სისტემითა და დეკორატიული კონსტრუქციებით აღიჭურვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის, პროფესორ ნიკოლოზ ნებიერიძის განცხადებით, მე-3 სასწავლო კორპუსის მიმდებარედ მოწყობილ ახალ სარეკრეაციო სივრცეში ნებისმიერი სტუდენტი შეძლებს საუნივერსიტეტო გარემო დასვენების, სალექციო საგნების მომზადებისა და თანატოლებთან ურთიერთობის მიზნით გამოიყენოს. როგორც რექტორი აღნიშნავს, სარეკრეაციო სივრცეების აღდგენას, კეთილმოწყობასა და განაშენიანებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  მომავალშიც გააგრძელებს.

„საუნივერსიტეტო გარე სივრცეების სარეკრეაციო ზონებად გარდაქმნის პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს. განახლდა და განაშენიანდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ასევე, მეოთხე და მეექვსე სასწავლო კორპუსების მიმდებარე გარე სივრცეები, რასაც დღეს უკვე მიემატა ახალი სარეკრეაციო ზონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსს ესაზღვრება. პროექტი საერთაშორსიო ორგანიზაციების - JEF-ისა და UNDP-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელმაც უნივერსიტეტს დახმარება აღმოუჩინა და საუნივერსიტეტო მიწის ნაკვეთი დაზიანებული მცენარეებისგან  გაათავისუფლა, ამასთან ერთად, ახალი ნარგავებისა და სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად საჭირო ოდენობის ტყის გრუნტი გადმოგვცა. გრანტის ფარგლებში შედგა საუნივერსიტეტო სარეკრეაციო სივრცეების დიზაინ-პროექტები, ასევე, უნივერსიტეტმა შეიძინა ნერგები და დამონტაჟდა თანამედროვე სარწყავი სისტემები. კოლაბორაციისთვის მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ და პოლონურ კომპანია „აგრომაქსდეკორს“. რაც შეეხება დეკორატიულ კონსტრუქციებს, რომლებიც ახალ სარეკრეაციო სივრცეშია განთავსებული, მათი პროექტირება და დამზადება უნივერსიტეტმა საკუთარი ძალებით უზრუნველყო. სარეკრეაციო ზონების განაშენიანება მომავალშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს 3 300 კვადრატული მეტრის ფართობის გარე საუნივერსიტეტო სივრცის კეთილმოწყობას, რათა ჩვენმა სტუდენტებმა ნებისმიერ დროს შეძლონ დასვენება, ერთმანეთთან ურთიერთობა და მომდევნო ლექციებისთვის მომზადება“, - აღნიშნავს ვიცე-კანცლერი ნიკოლოზ ნებიერიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება