საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰამლეტ მელაძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ბერიკაშვილი წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, დირექციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ღონისძიება - „საუბრები მათემატიკაზე“, რომელიც გიმნაზიის მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით დაიგეგმა.
სტუ-ის მეცნიერებმა მოსწავლეებს გააცნეს ქართული მათემატიკური სკოლის ისტორია და მისი მიღწევები, ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობასა და მის კავშირზე მეცნიერების სხვადასხვა დარგთან, დეტალურად შეეხნენ, თუ რით არის საინტერესო და მომხიბლველი მათემატიკა და რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ ის სამომავლო სპეციალობად.
პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის აწმყოსა და პერსპექტივებზე და გიმნაზიის მოსწავლეები ინსტიტუტში მიიწვია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუ-ის მეცნიერებმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს და მათ არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ სტუ-ის მეცნიერებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტსა და გიმნაზიის მათემატიკის კათედრას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რაც მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს მეცნიერების ამ დარგის ღრმად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.