საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, STEM საგნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, გაიმართება შემეცნებითი ინტერაქტიური ღონისძიება - „ფიზიკის როლი კრეატიულ სამყაროში“, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა, გამოფენა და ღია კარის დღე.
ღონისძიება გაიხსნება 2023 წლის 19 მარტს, 12:00 საათზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღონისძიებაზე იწვევს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისაც ფიზიკა, ინჟინერია, ინოვაციური ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერები და მკვლევრები მოწვეულ ახალგაზრდებს გააცნობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე შესრულებულ პროექტებს, რომელთა შექმნის საფუძველი ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების გააზრება და მათი პრაქტიკული გამოყენებაა. წარმოდგენილი პროექტები შესრულებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორების - დავით სონღულაშვილისა და თეიმურაზ ჩიჩუას, ასევე, დოქტორანტების მარეხ მაზანაშვილისა და უტა კილასონიას მენტორობით.
მოწვეულ თანატოლებსა და სტუმრებს თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ავტორ მოსწავლეთა გუნდები წარუდგენენ განხორციელებულ 20-ზე მეტ პროექტს, რომლებიც საინტერესო და ეფექტურია, როგორც შენაარსობრივად, ასევე, ვიზუალურად. მოსწავლეთა პროექტების უმრავლესობამ გამარჯვება მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საინჟინრო-სამეცნიერო კონკურსებში, როგორიცაა: „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ - იმართება, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდი კი, რომელსაც აჯილდოვებს აშშ-ის ელჩი, მიემგზავრება ამერიკის კოსმოსური კვლევის ცენტრ NASA-ში; კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ - იმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით; გამარჯვებული გუნდები მიემგზავრებიან შემეცნებითი სამკვირიანი ტურით ინგლისში, ჯილდოვდებიან სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრემიებით, უფინანსდებათ სწავლის საფასური სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილე ახალგაზრდებს საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატები გადაეცემათ.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 სასწავლო კორპუსი, II სართული; მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77