საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
მოხსენებაში - „გამოთვლითი მათემატიკა – გამოწვევები და პერსპექტივები“ პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ ისაუბრა მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში, აგრეთვე, დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის განვითარებაში ქართველი მეცნიერების, მათ შორის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების როლზე.

გამომსვლელი შეეხო გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ამოცანებსა და პერსპექტივებს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ჭრილში და აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტა, წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, შეუძლია ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების გადაჭრას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. ასეთ ამოცანათა რიგს განეკუთვნება: ეკონომიური პროცესების (მათ შორის ფინანსური ბაზრის) შესწავლა და ამ პროცესების ოპტიმიზაციის პრობლემების ანალიზი; ბუნებრივი ან ტექნიკური კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შესაძლო განვითარების ანალიზი; ეკოლოგიური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელების აგება და შესწავლა; სამედიცინო და დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების საშუალებით და სხვა. პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ წარმოადგინა ამ და სხვა მრავალი თანამედროვე პრობლემის გადაწყვეტისთვის სათანადო მათემატიკური მეთოდების, ალგორითმებისა და პროგრამების შექმნისთვის ინსტიტუტში არსებული სამეცნიერო პოტენციალი და გამოთვლითი სიმძლავრეები; გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსაზრებები ზემოთ დასახელებული მიმართულებების თანამედროვე დონეზე შემდგომი განვითარების კუთხით.

სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი ალექსანდრე კვინიხიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი გივი აბდუშელიშვილი, პროფესორები: მარიამ ცაცანაშვილი, გია არაბიძე, ლევან იმნაიშვილი, ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტი იური სვანიძე, აკადემიის სამთო კომისიის სწავლული მდივანი მირონ ფირცხელანი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოხსენება. მოხსენებასა და დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სხდომამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც გულისხმობს გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ინსტიტუტთან სხვადასხვა დარგის მეცნიერთა თანამშრომლობის მიმართულებით.