საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დღე აღინიშნა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით თავხელიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო მიღწევებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ საანგარიშო მოხსენებით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე წარსდგა.
ზვიად წამალაიძემ ყურადღება გაამახვილა იმ სამეცნიერო აქტივობებზე, რომლებიც ინსტიტუტმა, უნივერსიტეტის მეცნიერებთან და ახალგარდა მკვლევრებთან ერთად, განახორციელა უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე გლობალურ ექსპერიმენტებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) CMS ექსპერიმენტი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციასა (KEK) და იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში (J-PRC) COMET ექსპერიმენტი, აშშ-ის ფერმის ეროვნული ამაჩქარებლების ლაბორატორიაში (FERMILAB) DUNE ექსპერიმენტი და სხვა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა CERN-LHC ჯგუფი ეფექტურად მუშაობს CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის RPC (Resistive Plate Chamber) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი HCAL (Hadron CALorimeter). HL-LHC-ის განახლების პროგრამის ფარგლებში, CMS კოლაბორაცია აშენებს უნიკალურ და უნივერსალურ მაღალი გრანულარობის კალორიმეტრს - HGCAL (High Granularity Calorimeter), რომელიც შეცვლის არსებულ Endcap კალორიმეტრს. ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკველევრები აქტიურად არიან ჩართული ამ სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში.

რაც შეეხება DUNE ექსპერიმენტს, ამერიკის ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების უდიდეს ცენტრ FERMILAB-ში მიმდინარეობს მზადება მასშტაბითა და სამეცნიერო თვალსაზრისით მსოფლიოს უდიდესი DUNE ექსპერიმენტის განსახორციელებლად. ეს არის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინული ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ფუნდამენტურ და უმნიშვნელოვანეს შეკითხვებს ჩვენი სამყაროს შესახებ, მატ შორის: რატომ არის ჩვენს სამყაროში ასიმეტრია მატერია-ანტიმატერიას შორის, როცა დიდი აფეთქების დროს (Big Bang) მატერია-ანტიმატერია შეიქმნა თანაბრად, ახლა კი დომინირებს მატერია. ნეიტრინო-ანტინეიტრინოს ოსცილაციის შესწავლა გვაძლევს დიდ პერსპექტივას ამ ასიმეტრიის წვდომაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი დაიმზერს არა მარტო ნეიტრინოების, არამედ ანტინეიტრინოების ოსცილაციასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის LBNF/DUNE ექსპერიმენტის აქტიური წევრი, და აქვს მკაცრად გაწერილი პასუხისმგებლობა კოლაბორაციის წინაშე. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს ექსპერიმენტის უახლოესი ნაწილის (ND), როგორც სტროუ ტრეკული დეტექტორების, ასევე, ელექტრომაგნიტური კალორიმეტრების შექმნაზე. გარდა ამისა, ვასრულებთ მოდელირების გარკვეულ ამოცანებს“, - აღნიშნა პროფესორმა ზვიად წამალაიძემ.
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, გლობალურ ექსპერიმენტებში, სტუ-ის მეცნიერებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის ორი ნიჭიერი სტუდენტი ჩაერთვება, რაც ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო წარმატების საწინდარი იქნება.
„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ფარნავაზ ტყემალაძე და საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ გულაშვილი, უნივერსიტეტის მეცნიერებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, იმ გლობალურ საერთაშორისო ექსპერიმენტებში ჩაერთვებიან, რომლებსაც მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო კოლაბორაციები ახორციელებენ. საერთაშორისო ექსპერიმენტებში ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ახალი ნაკადების ჩართულობა არის დასტური იმ წარმატებებისა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში აღწევს“, - აღნიშნა ზვიად წამალაიძემ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როცა უნივერსიტეტის ნიჭიერ და წარმატებულ სტუდენტებს, კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების წარმატებულ მკვლევრებად ჩამოყალიბების პროცესს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების წევრი. ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს თითქმის ყველა გლობალურ ექსპერიმენტში, ინტენსიურად ასრულებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო სამუშაოს და წარმატებით ახორციელებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნა-დანერგვას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროფესორი ზვიად წამალაიძე მუდმივად ცდილობს ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვას, დაინტერესებას და სამეცნიერო კვლევებში ჩართვას. შედეგად, ჩვენი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვან ექსპერიმენტებში და სამეცნიერო სამუშაოებს ცნობილი მეცნიერების ხელმძღვანელობით შეასრულებენ. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი მხარდაჭერითა და უნივერსიტეტის ძალისხმევით, აქვთ საშუალება ასეთ მასშტაბურ ექსპერიმენტებში ჩაერთონ, არის სამეცნიერო კუთხით მათი განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა. უახლოეს მომავალში საერთაშორისო ექსპერიმენტებში ჩართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ჩვენი ორი სტუდენტი შეემატება. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.