გაზაფხულის პირველი დღეა, თუმცა „გეპეის ნუში“ აყვავებას უჩვეულოდ აგვიანებს.
უჩვეულოა, რადგან თითქმის 54 წელია თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ მდგომი ეს ნუშის ხე სუსხიან თებერვალში ყვავდება და გაზაფხულის მოსვლას პირველი გვამცნობს.
თუმცა, წელს გვანერვიულა, ცოტა დააგვიანა. ზუსტად გაზაფხულის პირველ დღეს გადაწყვიტა კვირტების ოდნავ გაშლა.
მათთვის ვისაც ხშირად უწევს „გეპეის ნუშთან“ გავლა ან ვინც უბრალოდ იცის მისი სიმბოლური დატვირთვა, ამ ხის აყვავება განსაკუთრებულ მოლოდინთან- გაზაფხულის მოსვლასთან არის დაკავშირებული. თებერვლის დასაწყისიდან ისმის კითხვა- ნუში არ აყვავილებულა? ყველა მის კვირტებს ვაკვირდებით და ვამოწმებთ, თითქოს გვსურს ყველას დავასწროთ და გაზაფხულის მოსვლა პირველებმა შევიტყოთ. ეს არის განსაკუთრებული მოლოდინი რაღაც ახლის, უკეთესის, რადგან მისი თეთრი ყვავილების დანახვისთანავე ვხვდებით, რომ სულ ცოტაც და ზამთარი დასრულდა.
„გეპეის ნუშის“ აყვავებას ფეხდაფეხ მოსდევს „მზიურის ნუშის“ აყვავებაც, რაც მოსახლეობის ნაწილში საკითხს - „გეპეის ნუში“ უფრო ადრე ყვავდება თუ მზიურის, სადაოს ხდის. თუმცა, სხვადასხვა მრავალწლიანმა დაკვირვებამ , უკვე ბევრჯერ გვანახა, რომ „მზიურის ნუში“ დაახლოებით 3-5 დღის შემდეგ ყვავდება და რომ თბილისს გაზაფხულის მოსვლას, სწორედაც რომ „გეპეის ნუში“ ამცნობს.
დააგვიანა, თუმცა წელსაც პირველი „ გეპეის ნუში“ აყვავდება.