საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სტუდენტების ჯგუფს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური შეხვდა.
ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ტარდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ღირსებას და მისი უფლებების განხორციელებას უკავშირდება.

“ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე და ქვეყნის განვითარების მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცოდინება აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მით მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დინამიური იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი შეათანხმეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.