სტუ-სა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20-02-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი

უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და სეს-ის დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა. ვეტერინარიის მიმართულების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სააგენტოში გაივლიან პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ასევე, უნივერსიტეტი და სააგენტო ითანამშრომლებენ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან მემორანდუმს, რაც ძლიერი მხარდაჭერა იქნება, სამომავლოდ, პროფესიონალ ვეტერინართა მომზადების მიმართულებით.

"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში არის ამ დარგის სპეციალისტების ნაკლებობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და მომაზადოს შესაბამისი კადრები, მითუმეტეს, რომ სახელმწიფომ დარგის განსავითარებლად სრული მხარდაჭერა გამოაცხადა და არაერთი პროგრამა აამუშავა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გადადგა პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - აკრედიტაციისთვის წარვადგინეთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მაღალი რანგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. დარწმუნებული ვარ, პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მემორანდუმი კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ნაყოფიერად გამოიყენონ", - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად, რამდენადაც დღეს ერთ-ერთი გამოწვევა ვეტერინარული სპეციალისტებისა და კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, რასაკვირველია, აქტიურად მხარს დავუჭერთ და პრაქტიკულად მოვამზადებთ ახალგაზრდებს, მხედველობაში მაქვს საველე გასვლები, პროფილაქტიკური აცრები, ნიშანდება, საკარანტინო კონტროლი, რათა მომავალში გვყავდეს პროფესიონალი ვეტერინარები,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეების მიერ სხვადასხვა აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.

 

სიახლეებში დაბრუნება