თბილისში პირველად, არქიტექტურული კვირეული TBILISI ARCH WEEK – TAW გაიმართა, რომელიც საქართველოში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვას ითვალისწინებდა.
არქიტექტურული კვირეული სამეცნიერო კონფერენციებს, გამოფენებს, პანელურ დისკუსიებს, ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს მოიცავდა, რომლებზეც უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და სარესტავრაცია-კონსერვაციის საკითხებს განიხილავდნენ, საუბრობდნენ ურბანული ჯანმრთელობისა და დარგობრივ ინოვაციურ თემებზე.
აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი, ქართველი ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა გაეზიარებინათ პროფესიონალების გამოცდილება.

არქიტექტურული კვირეულის ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებიც. კვირეულის დასასრულს, სამუშაო შეხვედრაში მონაწილე ყველა სტუდენტს სერთიფიკატები გადეცათ. მათ შორის იყო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის მაგისტრანტი თეონა გეგეშიძე.
როგორც თეონა გეგეშიძემ ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, არქიტექტურულმა კვირეულმა მომავალ არქიტექტორებს განსაკუთრებული ხედვით დაანახა ის მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რაც პროფესიონალ არქიტექტორს ადამიანის, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე უნდა გააჩნდეს.
„მაშინ, როდესაც არქიტექტურა მასშტაბურად მოიაზრებს ადამიანის მენტალურ, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ევროპის გამოცდილების გაზიარება. თბილისის არქიტექტურული კვირეულის ფორმატი უნიკალურ საშუალებას აძლევს სტუდენტებს პირისპირ დაუსვან კითხვები ევროპის ერთ-ერთი წამყვანი (მილანის პოლიტექნიკური) უნივერსიტეტის ურბანისტიკის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და სხვა მნიშვნელოვანი დარგების სპეციალისტებსა და პროფესორებს, გაიზიარონ მათი გამოცდილებები და წარმატებული პროექტების მთავარი მიგნებები. მიღებული ცოდნით კი, პრაქტიკული სამუშაოს სახით, თბილისის პრობლემური უბნების გაჯანსაღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. - აღნიშნა თეონა გეგეშიძემ.
თბილისის არქიტექტურის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემაც:
„თბილისის არქიტექტურის კვირეული მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტეტურული სკოლა მსოფლიოს ათეულში შედის და იტალიაშიც, საკმაოდ პრესტიჟული ინსტიტუტია, როდესაც ასეთი პრესტიჟული ინსტიტუტის პროფესორები საქართველოში ჩამოდიან და ქართველ სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია. უნდა აღვნიშნო, რომ თავად თემატიკა იყო საინტერესო და აქტუალური, მრავალ სიახლეს მოიცავდა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება, ურბანული გარემოს შენარჩუნება, დაცვა და გაჯანსაღება, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. საინტერესო იყო იმ გამოცდილების გაზიარებაც, რაც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს აქვს. კვირეულის ფარგლებში, ჩვენმა სტუდენტებმა გამოავლინეს მაქსიმალური ცოდნა, დაკვირვება და ანალიზის უნარი, ასევე მიიღეს დიდი გამოცდილება.“
არქიტექტურული კვირეულის ორგანიზატორი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ბოჭორიშვილი იყო, რომელმაც სამაგისტრო პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიარა.

„ქართველი სტუდენტებისთვის გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. გაიზარდა ცოდნის მასშტაბები ისეთ თემებზე როგორებიცაა: არქიტექტურა, ურბანისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია-კონსერვაცია, ურბანული ჯანმრთელობა და დარგობრივი ინოვაციური თემები. პირველებმა დავიწყეთ საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამედიცინო არქიტექტურა, არქიტექტორების, ურბანისტებისა და მედიკოსების თანამშრომლობის აუცილებლობასა და დანიშნულებაზე. გაერთიანდნენ თბილისის მასშტაბით არსებული უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებსაც საერთო ინტერესები და მიზნები აკავშირებთ. მივიღეთ მთავარი შედეგი- სტუდენტებმა მიიღეს ძალიან ფასეული პროფესიული გამოცდილება“ - აღნიშნა მარიამ ბოჭორიშვილმა.
თბილისის არქიტექტურული კვირეული (TAW ) გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის პარტნიორები იყვნენ: Erasmus + Politecnico di Milano; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; იტალიის საელჩო საქართველოში; დანტეს თბილისის კომიტეტი და სხვადასხვა ქართული კომპანია.