სტუ-ის ძირძველ თანამშრომელს, ქალბატონ ცისანა კობახიძეს 85 წელი შეუსრულდა

სტუ-ის ძირძველ თანამშრომელს, ქალბატონ ცისანა კობახიძეს 85 წელი შეუსრულდა

17-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირძველსა და ყველასთვის საყვარელ თანამშრომელს, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მთავარ ქორეოგრაფს, ცისანა კობახიძეს 85 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, პროფესორი ვაჟა პაპასკირი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე და დასის წევრები ქალბატონ ცისანა კობახიძეს 85 წლის იუბილეს ულოცავენ, უსურვებენ დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მრავალმხრივ წარმატებას მშობლიური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ.

ქალბატონი ცისანა კობახიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1963 წლიდან მოღვაწეობს. ის 60 წელია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელია, სადაც სხვადასხვა ეტაპები განვლო, დღეს კი პერიოდულ გამოცემათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის განსაკუთრებულად უყვართ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, არამედ მთელს უნივერსიტეტში. ქალბატონი ცისანა მრავალი წელია სისხლხორცეულად არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიასთან. ის ამ დასის მთავარი ქორეოგრაფია და ასევე, არაერთ პარტიას ასრულებს მსახიობის რანგში, მათ შორის გამორჩეულია ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით - „ჩხიკვთა ქორწილი“, შარლ პეროს მიხედვით - „წითელქუდა“.

ქალბატონი ცისანა კობახიძე დღემდე აქტიური შემოქმედებითი და სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს - მრავალი წელია სამეჯლისო ცეკვების არაჩვეულებრივი შემსრულებელია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და სატელევიზიო პროექტებში. მან თავისი ჰობი მეორე პროფესიად აქცია და სამეჯლისო ცეკვების კონკურსებში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მოიპოვა. მისი აღზრდილია არაერთი ცნობილი მოცეკვავე, რომლებმაც სამეჯლისო ცეკვების ტურნირებში მრავალგზის მოიპოვეს გამარჯვება.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 85 წლის იუბილეს კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ცისანა კობახიძეს და წარმატებებს უსურვებს მას საუნივერსიტეტო და შემოქმედებით საქმიანობაში.


სიახლეებში დაბრუნება