გარდაიცვალა პროფესორი გურამ ლომსაძე

გარდაიცვალა პროფესორი გურამ ლომსაძე

11-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის/სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა რიგებს გამოაკლდა ერთ-ერთი ღვაწლმოსილი პიროვნება, ამაგდარი პედაგოგი და კეთილშობილი ადამიანი სტუ-ის ემერიტუსი, პროფესორი გურამ ლომსაძე.

გურამ ლომსაძე დაიბადა 1933 წელს ქ. თბილისში.

1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის/სპი-ისმეტალურგიის ფაკულტეტი, ხოლო 1964 წელს სპი-ის ამავე ფაკულტეტის შავი ლითონების მეტალურგიის ასპირანტურა.

1957-1959 წლებში მუშაობდა უკრაინაში, ქ. მაკეევკის მეტალურგიულ ქარხანაში ოსტატად, 1959-1961 წლებში ქ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ცვლის უფროსად, შემდეგ მუშაობა გააგრძელა კაზმის მომზადებისა და გადამუშავების საპრობლემო ლაბორატორიაში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1961 წელს ჩაირიცხა სპი-ის მეტალურგიის ფაკულტეტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასპირანტურაში, 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1968 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება.

1970–75 წლებში იყო სპი-ის მეტალურგიის ფაკულტეტის პროფსაბჭოს თავჯდომარე, 1977 წლიდან კი, მუშაობდა სპი-ის წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის 49-ე კათედრაზე დოცენტად, ხოლო 1982 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება.

1986 წელს დაინიშნა, ხოლო 1989 წელს კონკურსით დაიკავა ამავე კათედრის გამგის თანამდებობა, ხოლო 1991 წლიდან კათედრების არსებობის ბოლო დრომდე იყო სამთო–გეოლოგიური და ქიმია–მეტალურგიული წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე.

2002 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა იყო ეკონომიკისა და მენეჯმენტის პრობლემები მეტალურგის, ქიმიისა, სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში.

გამოქვეყნებილი აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მ. შ. სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები. სპი–ის სახელით მონაწილეობდა შემდეგ სამეცნიერო კონფერენციებში: ბულგარეთი, სოფია, 1969 წელს, თბილისისის,   საკავშირო სამეცნიერო–ტექნიკური კონფერენცია მეტალურგიის პრობლემებზე. 1970 წელს, დნეპროპეტროვსკის საკავშირო კონფერენცია. 1973 წელს , ჩეხოსლოვაკიაში პრაღის მენეჯმენტის ევროპული კონგრესი.

1990 წელს, საავტორო გამოგონებაზე სამი მოწმობა მიიღო. მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს მეტალურგიისა და ქიმიის საწარმოთა ეკონომიკასა და მართვაში. მის მიერ აღზრდილი თაობებიდან მრავალი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტია. ბატონი გურამი იყო შრომისმოყვარე და პრინციპული საქმიან ურთიერთობებსა და პროფესიულ ასპარეზზე, გამორჩეული და ერთგული მეგობარი, ახალგაზრდა თაობათა ღირსეული აღმზრდელი და მათთვის ცხოვრების გზის გამკვალავი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გულის ტკივილით თანაუგრძნობენ ბატონ გურამ ლომსაძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. მისი სახელი მუდამ ემახსოვრება მშობლიურ უნივერსიტეტს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ღრმა შეგნებით უერთგულა.

სიახლეებში დაბრუნება