სტუ-ის რექტორი „ტექინფორმის“ წლის საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო

სტუ-ის რექტორი „ტექინფორმის“ წლის საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო

30-12-2022

  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (ტექინფორმი), წლის საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი; სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი; ტექინფორმის დირექტორი ნელი მახვილაძე, დირექტორის მოადგილე მარიამ რაზმაძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.

შეხვედრაზე სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის საქმიანობის ანგარიში დირექტორმა ნელი მახვილაძემ წარადგინა. მისი თქმით, 2022 წელი ტექნიფორმისთვის შრომატევადი, ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

„2022 წელი ინსტიტუტისთვის აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი, მრავალი სიახლის და ინიციატივის მომტანი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ინიცირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რომელსაც ინსტიტუტი შეუერთდა. ესაა, „ღია მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია ეროვნულ დონეზე და ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის პრინციპების დანერგვა საქართველოს სამეცნირო ეკოსისტემაში“. ინსტიტუტი ნოემბერში ღია მეცნიერების ფორუმის და EOSC ასოციაციასთან სამმხვრივი შეხვედრის ორგანიზების საკითხებში ჩაერთო და ეროვნულ დონეზე ღია მეცნიერების პოლიტიკის შემუშავების გუნდის წევრი გახდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის სიმპოზიუმში (EOSC Symposium 2022), სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის სახელით წარადგინა პრეზენტაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მარინა რაზმაძე გახდა ჰორიზონტ ევროპის 2021-2027 პროგრამის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირი, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუტ ტექინფორმს და სხვა საეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით სამცნიერო პროექტებში მონაწილეობას, ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციების დაგემვას“, - განაცხადა ნელი მახვილაძემ.

რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისათვის, წარმატებები უსურვა და თავის შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა:

„მადლობა მინდა გადავუხადო ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, ყველა თანამშრომელს იმ ნაყოფიერი მუშაობისათვის, რომლის შესახებაც ინსტიტუტის დირექტორმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინსტიტუტი წარმოადგენს ერთგვაროვან ბრენდს, რომელიც ქმნის და ამუშავებს სხვადასხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზას, სამეცნიერო პოტენციალის, მეცნიერებათმზომელობის და საქართველოს სამეცნიერო ეკოსისტემის გაანალიზების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ბოლო შემუშავებული მონაცემთა ბაზა არის სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემა, რომელიც შემუშავდა 2020 წელს და ეტაპობრივად ივსება და ვითარდება. წარმატება მინდა გისურვოთ ამ მეტად საჭირო საქმიანობაში“, - განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის: ტექინფორმი წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტს, რომლის საქმიანობა მოიცავს ფართო სპექტრს, კერძოდ სამეცნიერო-კვლევით და ანალიზურ სამუშაოებს, სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციების და რეკომენდაციების შემუშავებას, ახალი სინფორმაციო სისტემების შექმნას და დანერგვას, საინფორმაციო რესურსების შექმნას, სამეცნიერო შრომების დეპონირებას, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათი ტრანსფერის (გადაცემის) ხელშეწყობას, საერთაშორისო თანამშრომლობას და საგამომცემლო მომსახურებას. ასევე, ტექნიფორმი ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელიც თავს უყრის სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს სამეცნიერო პუბლიკაციებს და მის ბაზაზე გამოსცემს ქართულ რეფერატულ ჟურნალს (ქრჟ), ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექინფორმის ძრითადი და უპირველესი ამოცანაა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელება. სხვადასხვა დროს ტექინფორმს შესრულებული აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოები, რომლებმაც ბიძგი მისცეს საქართველოში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. ასევე შეიქმნა კონცეფციები, რის საფუძველზე შემდგომში დაარსდა სხვადსხვა სტრუქტურები.

სიახლეებში დაბრუნება