საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ენდრიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით VII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ენდრიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით VII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა

05-12-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ისა  და ამერიკის ენდრიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით, VII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „არარატის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე მტკვრის აუზში წარღვნის შემდგომი პერიოდის არექოლოგიური მონაცემების კვალდაკვალ“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

კონფერენციას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე  და ასევე, თურქეთის იგდირის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მეჰმეტ ჰაკკი ალმა, ენდრიუს უნივერსიტეტის პროფესორი რენდალ იანკერი, ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორი ნურეტინ ოზტურკი, მკვლევარი უილი ონდრიჩეკი,  აგრის ყოფილი პარლამენტარი მეჰმეტ ჰანიფი ალირი, იგდირის უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი რამაზან ერენლერი, აგრარული ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ებუ მუჰსინ ბულუთი, ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორი ჰალდუნ ოზქანი, ენდრიუს უნივერსიტეტის პროფესორი რენდალ იანკერი, პროფესორი ჰუსეინ იურტასი

მკვლევარი რუბენ დედმონტი, ანკარას ანატოლიის  ცივილიზაციის მუზეუმის

არქეოლოგი მელექ ილდიზტურანი, ისტორიკოსი/ჟურნალისტი ჩოსკუნ არალი, ენდრიუს უნივერსიტეტის დოქტორი მაიკლ იუნკერი და სხვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა იმ წვლილსა და მიღწევებზე, რაც სტუ-ის მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად წარღვნის შემდგომი პერიოდის არექოლოგიური კვლევაში მიაღწიეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის სახელით სტუმრებს მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ არქეოლოგიის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის მასპინძლობის პატივი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხვდა წილად. დღევანდელი სამეცნიერო სიმპოზიუმის თემატიკა და წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უაღრესად საინტერესო და აქტუალურია, რომლებიც პრეისტორიული საუკუნეების ერთიან კულტურულ ფენებს მოიცავს და საქართველოს წარსულსაც ეხება. საგულისხმოა, რომ სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ცნობილი არქეოლოგები და მკვლევრები, ამას გარდა, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისში, თურქეთის ქალაქ აგრი დაგში, არარატის მთის მიმდებარედ, ჩატარდა საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორებმა მერაბ ძნელაძემ და ირაკლი ანჩაბაძემ.  გვაქვს ინფორმაცია, რომ სამომავლოდ, განზრახულია არარატის მთის ზედა ნაწილში, სადაც სავარაუდოა ნოეს კიდობნის არსებობა, ინტერნაციონალური არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. სასიხარულოა, რომ ამ ექსპედიციის მონაწილეებად ჩვენი უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრებიც მოიაზრებიან“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

თურქეთის იგდირის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მეჰმეტ ჰაკკი ალმამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, მასპინძლობისთვის და ისაუბრა სამეცნიერო სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ არაერთი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩავატარეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა არარატის მთის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ევროპის, ასევე, ამერიკისა და იაპონიის წარმომადგენლები. დღეს ჩვენ ვართ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვანი თემები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი თემები ინტერესს გამოიწვევს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მოგიწვიოთ ჩვენს უნივერსიტეტში“, - განაცხადა იგდირის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მეჰმეტ ჰაკკი ალმამ.

VII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „არარატის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე მტკვრის აუზში წარღვნის შემდგომი პერიოდის არექოლოგიური მონაცემების კვალდაკვალ“, სამ სექციად ჩატარდა, სადაც განიხილეს თემები: "ნოეს კიდობანი მისის მოზაიკის შუქზე"; „საქართველო, კურა-არაქსის კულტურა“; "ნოეს კიდობნის მნიშვნელობა რეგიონში"; „არარატის მთის 10 დასახელება და მის ირგვლივ არსებული ტოპონიმები სხვადასხვა ეპოქაში“ და სხვა.

შეხვედრის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და თურქეთის იგდირის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მეჰმეტ ჰაკკი ალმამ მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სიახლეებში დაბრუნება