
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ახლად დაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა მთიანი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მიწვევით, რეგიონებში სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ და იმ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელსაც მთავრობის განკარგულებით, საფუძველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაუყარა.
ღია კარის დღეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება. ამჯერად, სტუ-ის კანცლერი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ყაზბეგისა და წალკის რაიონებში შეხვდნენ. გარდა ამისა, ღია კარის დღეების ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონებში შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს.
„ჩვენი უნივერსიტეტის ახლად დაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არის წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე პროგრამამ, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული, ბევრი მომავალი აბიტურიენტი დააინტერესა. მათთან ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა, რაზედაც საზოგადოება ინფორმირებულია. ამჯერად, ყაზბეგის რაიონული რესურსცენტრის მიწვევით, დაბა სტეფანწმინდისა და მიმდებარე სოფლების საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასის მოსწავლეებს შევხვდით. შეხვედრაში მთავრობის ადმინისტრაციის მთის სტრატეგიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, მოადგილე მირიან წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ინტერესი დიდია და ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მისცეს. ფაკულტეტის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდნენ წალკის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, ანი დოლიძემ, რაც განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია“, - აღნიშნა პროფესორმა კარლო კოპალიანმა.
ნაყოფიერი აღმოჩნდა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლების - პროფესორების: ნოე ხოზრევანიძისა და თამარ ქობლიანიძის შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან, თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან და დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან, ნატო სულთანიშვილთან. მხარეები დაინტერესდნენ პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივით და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ღონისძიებების გამართვის მიზნით, დაუთმოს ვიზიტორთა ცენტრების საკონფერენციო სივრცეები, დაეხმაროს საზაფხულო სკოლების ორგანიზებაში, უზრუნველყოს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თავისუფალი გადაადგილება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. ასევე, სააგენტო ხელს შეუწყობს სტუ-ის სტუდენტებისთვის დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო ტურების ორგანიზებას, საველე პრაქტიკის გავლასა და მონიტორინგში ჩართულობას. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, შესაძლებლობების ფარგლებში, სააგენტოს დაეხმარება მდგრადი განვითარების საკითხებზე რეგიონული სამსახურების ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისა და რეინჯერების გადამზადებაში, ხელს შეუწყობს მოკლევადიანი საპრეზენტაციო ღონისძიებების, ფოტოექსპოზიციების მოწყობასა და სხვა ღონისძიებების, როგორიცაა: „მწვანე დღეები“, „მწვანე აქციები“, ეკობანაკები, განხორციელებაში სტუდენტობის ჩართულობას. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვისა და სასწავლო პროცესისთვის“, - აცხადებს პროფესორი ნოე ხოზრევანიძე.
უახლოეს ხანებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს კი სტუ და სააგენტო ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავენ მთის საერთაშორისო დღეს. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობას მიიღებს სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სასწავლო კონფერენციაში - „მთები სასარგებლო სიმაღლეებია“, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და მთიანი რეგიონების (თიანეთი, დუშეთი, ხაშური, წალკა) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთობლივ ორგანიზებას უწევენ.