სტუ-ის მეცნიერები და დოქტორანტები პოლონეთში ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობენ

სტუ-ის მეცნიერები და დოქტორანტები პოლონეთში ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობენ

18-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“ წევრები: პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, დოქტორანტები - ქეთევან რჩეულიშვილი და მარიამ ხაზარაძე, ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებიან.

სტუ-ის მეცნიერები, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში,   პოლონეთის ნაციონალური ფონდისა და პოლონეთის ხელოვანთა გაერთიანების მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში -  „ისტორიის გაგება დროსა და სივრცეში“ მონაწილეობენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია პოზნანის დასავლური ურთიერთობების ინსტიტუტში ტარდება, სადაც ძირითადი მომხსენებლები არიან: ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ენგელსი და სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, მომხსენებლები კი დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე, დოქტორი დევიდ როგაჩი და დოქტორი ქრისტიან პავლაჩეკი.

ამავე მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, სტუ-ის კლასტერის წევრმა, დოქტორმა ქეთევან რჩეულიშვილმა გამართა საჯარო ლექცია - „სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება სოციალურ თეორიასა და თეოლოგიას შორის“. აღსანიშნავია, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დასავლური ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა იუსტინა შულცმა და დოქტორმა ქეთევან რჩეულიშვილმა.

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია -  „ისტორიის გაგება დროსა და სივრცეში“ სამ დღეს გასტანს.

საერთაშორისო სამეცნიერო  კოლაბორაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი სემინარის - „ფილოსოფია და კრიტიკა“ ფორმატში, გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მამუკა ბერიაშვილის საჯარო მოხსენება - „სეკულარული VS საკრალური სამყარო ჰეგელის სამოთხის ბაღის ინტერპრეტაციის მიხედვით“ და სტუ-ის დოქტორანტისა და კლასტერის მკვლევრის, მარიამ ხაზარაძის საჯარო ლექცია - „აღიარება როგორც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი აქსელ ჰონეტის სოციალურ თეორიაში“.

 

სიახლეებში დაბრუნება