საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსის (J-PARC) დირექტორს, პროფესორ ტაკაში კობაიაშის, დირექტორის მოადგილეს, დოქტორ ფუჯიო ნაიტოსა და COMET ექსპერიმენტის მენეჯერს, იაპონიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის J-PARC-ში ვიზიტს წინ უძღოდა შეხვედრა მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK), ქალაქ ცუკუბაში, KEK-ის გენერალურ მენეჯმენტსა და ცნობილ იაპონელ მეცნიერებთან.
სტუ-ის რექტორი იაპონიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში KEK-ის გენერალური დირექტორის, პროფესორ მასანორი იამაუჩის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.
შეხვედრაში, რომელიც KEK-დან 100 კმ-ის დაშორებით, ქალაქ ტოკაიში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში შედგა, ასევე, მონაწილეობდნენ J-PARC-ის ამაჩქარებლების ხელმძღვანელი, დოქტორი მიჩიკაზუ კინშო, კომპლექსის ბირთვული და ელემენტარული ფიზიკის განყოფილების უფროსი, დოქტორი ტაკეში კომატცუბარა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თეიმურაზ ლეჟავა.
როგორც J-PARC-ის დირექტორმა, პროფესორმა ტაკაში კობაიაშიმ და დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ფუჯიო ნაიტომ აღნიშნეს, იაპონური მხარე მოხარულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტით. დოქტორმა ფუჯიო ნაიტომ სტუმრებს J-PARC-ში მიმდინარე საერთაშორისო ექსპერიმენტები გააცნო, პროფესორმა ტაკაში კობაიაშიმ კი განსაკუთრებული ყურადღება COMET ექსპერიმენტზე გაამახვილა. მისი თქმით, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები COMET ექსპერიმენტში აქტიურად არიან ჩართულნი და რთულ სამუშაოებს, იაპონელ მეცნიერებთან ერთად, მაღალ დონეზე ასრულებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, J-PARC-ის მენეჯმენტმა გამოთქვა სრული მზაობა და მხარდაჭერა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და მასში სტუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების ჩართვის შესახებ.
სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ J-PARC-ის მენეჯმენტსა და იაპონელ მეცნიერებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. როგორც რექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან დავით ჩოხელი, ნიკა წვერავა, გიორგი ადამოვი, დავით ლომიძე, იური ბაღათურია და ირაკლი ლომიძე, ნაყოფიერად თანამშრომლობენ, როგორც J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ COMET ექსპერიმენტთან, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი იმ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, რომლებიც KEK-ის ცუკუბა კამპუსში ხორციელდება. რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია KEK-სა და J-PARC-თან სამომავლო კოლაბორაციის კიდევ უფრო გაღრმავება. მისი განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ქმედითი მხარდაჭერა აქვთ.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, J-PARC-ის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ფუჯიო ნაიტომ და COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში ვრცელი სამეცნიერო-საინფორმაციო ტური ჩაუტარეს. სტუ-ის რექტორმა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ამაჩქარებლების განყოფილება, გაეცნენ მატერიალებისა და სიცოცხლის (life science) მეცნიერებას, მოინახულეს ბირთვული ტრანსმუტაციის განყოფილება.
სამეცნიერო-საინფორმაციო ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციაზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა J-PARC-ის ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განყოფილებამ და მისმა ადრონულმა დარბაზმა (hadron hall), სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტია განთავსებული. სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, იმ მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებს დაკვირვებოდნენ, რომლებშიც უშუალოდ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს.
COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს COMET ექსპერიმენტის სამომავლო სამეცნიერო გეგმები და ექსპერიმენტის ტრეკული და ვეტო დეტექტორების ყველა ეტაპის აქტივობებში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილი.