პროფესორ ბორის იმნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

პროფესორ ბორის იმნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

15-11-2022

ცნობილ პედაგოგს, მეცნიერს, თაობათა აღმზრდელსა და მათთვის ცხოვრების გზის გამკვალავს,  ღირსეულ ადამიანს, ჭეშმარიტ ინტელიგენტს - პროფესორ ბორის იმნაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონი ბორისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ღრმა შეგნებით ერთგულებდა უნივერსიტეტსა და ქვეყანას - უხმოდ, უპრეტენზიოდ, სანაცვლო პატივისცემის მოლოდინის გარეშე.

მან ცხოვრების გრძელი და საინტერესო გზა განვლო. ეს გზა არ ყოფილა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი - შუქ-ჩრდილებიც ახლდა, თუმცა მას მუდამ გამოარჩევდა ზნეობრივი სიწრფელე და სისპეტაკე, საკუთარი მოვალეობის აღსრულების ხიბლი და არამც - თვითკმაყოფილების სიამოვნება. ამ ცნობიერებით ცხოვრობდა და ამ შეგნებით ემსახურებოდა საკუთარ ერსა და ქვეყანას.

არც იმის თქმა შეიძლება, რომ ქართველ საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩა ბატონი ბორისის  ღვაწლი და ამას მისი რეგალიებიც მოწმობს: პროფესორი ბორის იმნაძე დაჯილდოებულია „ღირსების ორდენითა“ და მედლებით; ის იყო საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; სტუ-ის სამეცნიერო ჟურნალ „განათლების“ რედაქტორი; სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2018 წლიდან კი, პროფესორ ბორის იმნაძის სახელობის აუდიტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს.

სიახლეებში დაბრუნება