სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტს საველე და ლაბორატორიული აღჭურვილობის პორტატული ნაკრები გადაეცა

სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტს საველე და ლაბორატორიული აღჭურვილობის პორტატული ნაკრები გადაეცა

11-11-2022

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, პროექტის - „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივა“ (GIDRM) ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თსუ-ს, ილიაუნის და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე და ლაბორატორიული აღჭურვილობის პორტატული ნაკრებები გადაეცათ.

პორტატული აღჭურვილობის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს, რომელიც სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართა, ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, მათ შორის სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, პროფესორი მარინა მარდაშოვა, ასოცირებული პროფესორი ნინო ჯაფარიძე, ასისტენტ-პროფესორი ნინო ადეიშვილი, ფაკულტეტის მენეჯერი ნიაზ ჯიქია, დოქტორანტი თამარ მიქავა, მაგისტრანტი ცოტნე ჯოხაძე და ბაკალავრიატის 7 სტუდენტი.

ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ დამსწრე საზოგადოებას ბოლო წლებში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო სამუშაო პროცესების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, დაისვა არაერთი შეკითხვა, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო პოლემიკა, დაისახა სამომავლო გეგმები. შეხვედრის ორგანიზატორები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებით და იმით, თუ რა სახის ქმედითი მხარდაჭერის შეთავაზება შეეძლოთ უნივერსიტეტებისთვის.

აღასანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორების გასაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 9 სტუდენტს უცხოელმა სპეციალისტებმა 31 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის ჩათვლით, ჩაუტარეს სპეციალური ტრენინგი თეორიულ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათთვის ასევე მოეწყობა საველე გასვლითი ტური „ქვათაცვენის მოდელირების“ შესახებ. 

შეხვედრის დასასრულს, ორგანიზატორებმა უნივერსიტეტებსა და სააგენტოს საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისათვის განკუთვნილი პორტატული აღჭურვილობის ნაკრების თითო ეგზემპლარი გადასცეს.

თითოეული პორტატული აღჭურვილობის ნაკრები 12 დასახელების ხელსაწყოსგან შედგება: დრონი; პეტროგრაფიული მიკროსკოპი; საველე PH-მეტრი; გეოლოგიური კომპასი; მანძილმზომი; გეოლოგიური ჩაქუჩი; ქანების სიმტკიცის დასადგენი საველე-საინჟინრო გეოლოგიური მოწყობილობა; ფოტოკამერა; საველე დღიური; საველე ლუპა; კომპასი კლინომეტრი; ხელის GPS-ი.

სიახლეებში დაბრუნება