საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „სტუ-ის სამეცნიერო პუბლიკაციების ეფექტურობის ასახვა Crossref-ის ანგარიშებში“ განხილვა შედგა.
პროექტი სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა „ტექინფორმა“ და უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობმა სამსახურმა („ერთად“) ერთობლივივად შეიმუშავეს. კვლევა მიზნად ისახავდა 2019-2022 წლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლის „სამეცნიერო შრომათა კრებულში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ეფექტურობის განსაზღვრას საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში, მათზე მოთხოვნის (წვდომების) შესწავლის გზით.
პრეზენტაციას „ტექინფორმის“ მეცნიერ-თანამშრომლები - პროექტის ხელმძღვანელი მადონა კოპალეიშვილი და ირინა ბედინაშვილი უძღვებოდნენ. განხილვაში მონაწილეობდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თავხელიძე, უნივერსიტეტისა და „ტექინფორმის“ მეცნიერ-მკვლევრები.
როგორც პროექტის განხილვაზე აღინიშნა, „სტუ-ის შრომების“ გამოცემები და პუბლიკაციების კორექტული მეტამონაცემები რეგულარულად იგზავნება და აისახება სამეცნიერო პუბლიკაციების მარეგისტრირებელი სააგენტოს - Crossref-ის საერთაშორისო ღია მონაცემთა ბაზაში: www.doi.org ; პუბლიკაციებს მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის ინდექსი DOI, რაც სამეცნიერო ნაშრომის ხელმისაწვდომობას მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს და შესაბამისად, ნამშრომთა ციტირების ალბათობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებები DOI-ის დუბლირების ან მცდარი DOI-ის შესახებ არ ფიქსირდება.
Crossref-ის ანგარიშების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პუბლიკაციების ძიების სივრცე, განისაზღვრა წვდომების საშუალო ყოველთვიური რაოდენობა და წვდომების რაოდენობა გამოცემის დასახელების მიხედვით; ასევე, გამოვლინდა „სტუ-ის შრომების“ 2021-2022 წლების ყველაზე რეიტინგული პუბლიკაცია.
შედეგების შეფასებისას, გამომსვლელებმა ყურადღება კვლევების აქტუალურობაზე გაამახვილეს და გამოთქვეს მოსაზრება, Crossref-ის ანგარიშებში ასახულ მონაცემთა ავტომატიზებული ძიებისთვის პროგრამული პროდუქტის შექმნის შესახებ.
გარდა „სტუ-ის შრომებისა“, Crossref-ის საძიებო სისტემაში რეგისტრირებულია და DOI მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 16 დასახელების თემატურ სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემას. სამომავლოდ, ასევე, გათვალისწინებულია აღნიშნულ გამოცემებში შემავალი პუბლიკაციების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ხილვადობასა და ცნობადობას.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ სამსახურთან - „ერთად“. მომზადებული და რეალიზებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: „სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო ბაზებში განთავსების რეკომენდაციები“; „საერთაშორისო ბაზების კლასიფიკატორების ქართულ-ინგლისური კატალოგი“, როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული სახით; ჩატარდა არაერთი ტრენინგი ჟურნალების რედაქტორებისა და გამომცემლებისთვის; შემუშავდა და დაინერგა კვლევითი პროექტების ონლაინ რეგისტრაციის პროგრამა და სხვ.