საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირისა და სტუ-ის მხარდაჭერით, კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციასთან პარტნიორობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია გზაჯვარედინზე: რა როლი აქვს ევროკავშირს?“ გაიმართა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში, ერაზმუს+ ჟან მონე მოდულის პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, რომელმაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, კონფერენციის მიზნებსა და როლზე ისაუბრა.
„კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის ძალიან აქტუალური და საინტერესოა. ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დიდ იმედებს ამყარებს, ამდენად, კონფერენციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენი, ასევე კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ოცამდე უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის. განსახილველად გამოტანილია არაერთი საინტერესო თემა, მათ შორის: ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტში. საინტერესო ნაშრომები იქნა წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მის გავლენაზე მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში. ვიმედოვნებთ, პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც მეცნიერები წარმოგვიდგენენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევის კუთხით“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციის მონაწილებს მიესალმნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი, კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი თომას კრუისმანი (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი) და პროექტის კოორდინატორი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართა ჰუმანიტარული, სოციალური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის მიმართულებით. მასში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ის აკადემიურმა და სამეცნიერო-კვლევითი წრეების წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა მკვლევრებმა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა.
ონლაინ რეჟიმში საკონფერენციო მუშაობაში ჩაერთნენ: კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ), ნატიფი ხელოვნების ახალი აკადემიის (იტალია), პერნამბუკოს ფედერალური უნივერსიტეტის (ბრაზილია), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის, ბეიკენტის უნივერსიტეტის (თურქეთი), თურქეთის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის, იედითეფე უნივერსიტეტის (თურქეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის, მონგოლეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის, დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მკვლევარები, პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

როგორც პროექტის კოორდინატორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეებმა მრავალი საინტერესო ნაშრომი წარმოადგინეს და განსახილველად არაერთი მეცნიერულად დასაბუთებული ინიციატივა გამოიტანეს.
„კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე, საინტერესო იყო მეცნიერთა მოსაზრებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილ ნაშრომებში განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებული ახალი გამოწვევები და პერსპექტივები. არსებული რეალობის მეცნიერული კვლევა და ხედვა მნიშვნელოვანია მოვლენების სწორად გააზრებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პრობლემების თავიდან აცილებას და შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ახალი რეგიონული პროექტების მომზადებას, სადაც ჩართული იქნება ყველა ჩვენი პარტნიორი, მათ შორის სამხრეთ კავკასიის, კასპიის, შავი ზღვის აუზისა და ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს ამ პროცესებში საქართველო. მისასალმებელია, რომ კონფერენციამ მრავალი ახალი და მეცნიერულად დასაბუთებული ინიციატივა წარმოაჩინა“, - განაცხადა ემზარ ფაჟავამ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში - „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: http://jeanmonnet.gtu.ge