5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის, მარინა მეტრეველის ორგანიზებით, სასტუმროს მართვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის საჯარო ლექცია: „ტურიზმის გლობალური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები“ ჩატარდა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბექა ჯაყელი უძღვებოდა.
ბექა ჯაყელმა სტუდენტებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ისტორიის შესახებ ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს, კერძოდ კი: ტურიზმი პანდემიამდე, პანდემიის პერიოდში და მისი აღდგენის მიმართულებები პანდემიის შემდეგ; გლობალური კრიზისის უარყოფითი გავლენა სექტორზე; სამი უმთავრესი საფრთხე ტურიზმის სექტორისათვის; ტურიზმის მზარდი სახეობები; ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები ტურიზმის სფეროს მართვის მიმართულებით; ახალი ბიზნესმოდელები მსოფლიო ბაზარზე; ტურიზმის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა; გაეროსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლი მდგრადი განვითარების მიმართულებით; UNWTO-ს სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები; ქვეყნების მთავარი პრიორიტეტები და UNWTO-ს როლი; საქართველო და UNWTO.

ჩვენების შემდეგ, ბექა ჯაყელსა და სტუდენტებს შორის დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყნების მიერ პანდემიის შემდგომი პერიოდისათვის მზადების ძირითადი მიმართულებები; უკრაინის ომის მნიშვნელობა და მისი ზეგავლენა ტურიზმის სფეროზე; მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხი; საქართველოსთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციები და სხვ.
გარდა ამისა, სტუდენტებმა დაინტერესება გამოხატეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სტუდენტებთან შეხვედრისა და მათთვის ტურიზმის დარგის განვითარების შესახებ აქტუალურ და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, დეკანმა ყურადღება გაამახვილა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ბექა ჯაყელმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. მან დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის ეკავა წამყვანი ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.
ცნობისათვის: ბექა ჯაყელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) 2012 წლიდან მუშაობს.
2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ტურიზმის სექტორის განვითარებაში ეფექტური სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის, მაღალი სტანდარტების პროფესიული ტურისტული სკოლის დაარსებისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბექა ჯაყელს „ღირსების ორდენი“ გადაეცა.

2018 წლამდე ბექა ჯაყელი მუშაობდა ევროპის რეგიონულ პროგრამაში, რომელიც ევროპის 42 სახელმწიფოსთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი; 2018 წლიდან დღემდე კი, 160 წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობებსა და პოლიტიკას კურირებს.
2008-2012 წლებში ბექა ჯაყელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა; ხელმძღვანელობდა დარგის პოლიტიკისა და დესტინაციების განვითარებას, ბაზრის კვლევას, საერთაშორისო ურთიერთობებს.
ბექა ჯაყელი არის სელფორდის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის გლობალური მენეჯმენტის ასპირანტი; ფლობს თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს ბიზნესის ადმინისტრირებაში, დასვენების, სტუმარ-მასპინძლობის და ტურიზმის მარკეტინგისა და კომერციის სპეციალობით.