საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებმა, ქვეყანის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „საქნახშირში“ წარმოების ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროექტი წარადგინეს, რომელიც საწარმოს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „საქნახშირის“ ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით ქალაქ ტყიბულში მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ და პროფესორმა გელა მაჩაიძემ. პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი და კომპანიის წარმომადგენლები.
როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა, გელა მაჩაიძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქნახშირი“ წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს და ახალი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებმა, კომპანიასთან შეთანხმებით, ახალი გამოწვევების გადაწყვეტის კონკრეტული ტექნოლოგიური ღონისძიებების ნუსხა შეიმუშავეს.
„ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს ქმედით მხარდაჭერას სამთო-მოპოვებით ნაწილში და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ. პროექტი, ასევე, მოიცავს ახალ მიდგომებს გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნედლეულის გადამუშავების, გამოსავლიანობის ზრდისა და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების ტექნოლოგიურ პროცესებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს ისეთი გამოწვევების ეფეტურად დაძლევას, როგორიცაა სამთო დარტყმებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორების მართვა და მტვერ-გაზის რეჟიმის რეგულაცია“, - განაცხადა პროფესორმა გელა მაჩაიძემ.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ანზორ აბშილავას განცხადებით, მისასალმებელია კომპანია „საქნახშირის“ მენეჯმენტის ინიციატივა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერების მიერ ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროექტის შემუშავების თაობაზე.
„სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შეუძლიათ შეიმუშაონ იმ ახალი გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიური გზები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საბადოს წინაშე დგას. ფაკულტეტის სამეცნიერო წრე მასშტაბურ ინფორმაციას ფლობს ტყიბულის საბადოს გეოლოგიური პირობებისა და ყველა ტექნოლოგიური პროცესის შესახებ, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მრავალი კვლევა გვაქვს ჩატარებული. ნამდვილად მისასალმებელია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, მიხაილ სოცკისა და კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივა, რომ შეგვემუშავებინა წარმოების ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროექტი. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის განხილვამ კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთი ცოცხალი ინტერესი გამოიწვია“, - აღნიშნა პროფესორმა ანზორ აბშილავამ.
წარმოების ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, მხარეებმა განიხილეს რიგი საკითხები, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „საქნახშირს“ შორის, უახლოეს მომავალში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ეხება. მემორანდუმი სტუ-ის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის „საქნახშირში“ საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების ერთობლივი პროგრამების ამოქმედებას გაითვალისწინებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
07.11.2022