სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ და CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა, იოაჰიმ მნიხმა სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს

სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ და CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა, იოაჰიმ მნიხმა სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს

03-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ იოაჰიმ მნიხს, CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელძღვანელს (spokesperson), პროფესორ პატრიცია მაკბრაიტს, CMS ექსპერიმენტის CERN-ის ჯგუფის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის და ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ ლუკა მალგერის შეხვდა და მათთან სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილა.

სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია) ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე დავით გურგენიძემ და იოაჰიმ მნიხმა, CMS ექსპერიმენტის ლიდერი მეცნიერების მონაწილეობით, განიხილეს რიგი საკითხები, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, აგრეთვე, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფისა და ახალგაზრდა მკვლევრების დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე CMS და ATLAS ექსპერიმენტებში სამომავლო მონაწილეობას ეხება.

რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CMS-კოლაბორაციის წევრია. უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები და IT-სპეციალისტები CERN-ის CMS ექსპერიმენტში აქტიურად მონაწილეობენ, რაშიც დიდია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერა და ორგანიზაციული დახმარება.

„ბედნიერი ვარ, რადგან ვარ თვითმხილველი და მონაწილე იმ უდიდესი სამეცნიერო სამუშაოებისა, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა. უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა წარმატების შედეგია ის ფაქტი, რომ CMS-ის რუკებზე და CERN-ის მოდერნიზაციის ხელმძღვანელის მოხსენებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი, ზვიად წამალაიძის, არსენ ხვედელიძის, დავით ლომიძის, იური ბაღათურიას, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის და სანდრო მელქაძის შემადგენლობით, CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე, ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში ასრულებს ურთულეს სამუშაოებს, მათ შორის: ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, ამ სისტემის პროტოტიპების დამზადება და მათი კამერებზე დაყენება; CMS-ექსპერიმენტის მიონური სისტემის წინაღობურ შრიან კამერებში - Resistive Plate Chambers (RPC) მიმდინარე სამუშაოები და მაღალი გრანულირების კალორიმეტრის - High Granularity Calorimeter (HGC) სუბდეტექტორების შექმნის პროცესში მონაწილეობა. CERN-ში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა შეხვედრები CERN-ის სამეცნიერო დირექტორ იოაჰიმ მნიხთან და მასთან ერთად, CMS ექსპერიმენტის CERN-ის ჯგუფის ლიდერ ტიციანო კამპორეზისთან, CMS ექსპერიმენტის ხელძღვანელ პატრიცია მაკბრაიტსა და ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერ, ლუკა მალგერისთან. განვიხილეთ CERN-თან სამომავლო  კოლაბორაციის პერსპექტივები ყველა შესაძლო მიმართულებით - ეს ეხება ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, ინოვაციების ერთობლივად დანერგვასა და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობას CERN-ში მიმდინარე კვლევით სამუშაოებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ  რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან კოლაბორაციის პროცესი მომავალში. ამით საგრძნობლად იზრდება ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერების ცნობადობა საერთაშორისო ჭრილში, რადგან ყოველი წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტი და მითუმეტეს, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგს. შედეგად, ჩვენს სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო მისიასა და ექსპერიმენტში ჩართვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. 

CERN-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, რექტორმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების CERN-ის საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაში (CERN Summer Student Programme) მონაწილეობის მნიშვნელობასა და შედეგებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროგრამით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები 2023 წელსაც ისარგებლებენ, CERN-ის მეცნიერთა უნიკალურ გამოცდილებას გაიზიარებენ და ლექციების პარალელურად, CERN-ში მიმდინარე პროექტებზე იმუშავებენ.

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში ვიზიტისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სტუ-ის წარმომადგენლები გაეცნენ იმ სამეცნიერო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომლებშიც სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს.

 

სიახლეებში დაბრუნება