საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანია „საქნახშირისთვის“ პროფესიონალ ამფეთქებელთა პირველი ჯგუფი მოამზადა. ამფეთქებლის პროფესიული მომზადების პროგრამის 12 კურსდამთავრებულს, კომპანია „საქნახშირის“ მოქმედ თანამშრომლებს, შესაბამისი სერტიფიკატები ქალაქ ტყიბულში გადაეცათ.
ამფეთქებლის პროფესიული მომზადების კურსი კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქნახშირის“ ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გაიარეს.
სტუ-ის პროფესიულ კურსთამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ, ამავე ფაკულტეტის პროფესორებმა: გელა მაჩაიძემ და თამაზ შარაშენიძემ, კომპანია „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა გელა მაჩაიძემ აღნიშნა, ამფეთქებლის სპეციალობას მსურველები მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეუფლებიან. მისი განმარტებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას მუდამ საჭიროა ქანების ნგრევა, რაც ქანის გარკვეული ნაწილის მასივისგან მოცილებას გულისხმობს. ქანების ნგრევას, ასევე, მოითხოვს საგზაო მშენებლობა, სხვადასხვა დანიშნულების არხების გაყვანა, სატრანსპორტო გვირაბების, მათ შორის, მეტროს, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების მშენებლობა, ჰიდროტექნიკური თუ მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობა და სხვ.
„ამფეთქებლის შესახებ კანონი 2013 წლის დეკემბერში მიიღეს. კანონის თანახმად, აფეთქების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლება და დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში ამფეთქებლებს აღარავინ ამზადებს, გარდა ჩვენი ფაკულტეტისა. მესამე წელია ვახორციელებთ ამ პროფესიული მომზადების პროგრამას და უკვე 120-მა დაინტერესებულმა პირმა გაიარა კურსი. ეს ის ნაკადია, რომელიც ეტაპობრივად ავსებს ამფეთქებლების რიგებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ურთულესი და გაზრდილი საფრთხის სპეციალობა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, არაჯეროვანი აფეთქების შედეგად დაღუპულ-დაშავებულთა რიცხვი არც თუ მცირეა, რადგან ამფეთქებლების დიდმა ნაწილმა მხოლოდ პრაქტიკულად იცოდა, როგორ განეხორციელებინა ქანების ნგრევის პროცესი, მაგრამ არასაკმარისი თეორიული ცოდნის გამო, უსაფრთხოების ზომებსა და ნორმებს სათანადოდ ვერ იცავდა. დღეს საკითხი სხვაგვარად დგას: პრაქტიკისა და თეორიული ცოდნის შერწყმის შედეგად, ვამზადებთ სპეციალისტს, რომელსაც აფეთქების სამუშაოები შეუძლია ჩაატაროს ყველგან, გარდა ზღვებისა და ოეკანეებისა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვამზადებთ უნივერსალურ ამფეთქებელს, რომელსაც ქანების ნგრევის სამუშაოები შეუძლია ნებისმიერ ობიექტზე განახორციელოს. სასიხარულოა, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, „საქნახშირის“ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა სპეციალურ გამოცდებში მაღალი ცოდნა და კვალიფიკაცია გამოავლინეს. გილოცავთ, თქვენ უკვე სერთიფიცირებული ამფეთქებლები ხართ“, - განაცხადა გელა მაჩაიძემ.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, მიხაილ სოცკის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამ ერთ-ერთი უძველესი ქართული კომპანიის პარტნიორობა თითქმის საუკუნეა გრძელდება.
„კომპანიას სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ამიტომ, ორმაგად სასიამოვნოა, როცა უნივერსიტეტისა და მისი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მხრიდან ასეთ თანადგომასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ. მოხარული ვართ, რომ „საქნახშირში“ უკვე გვყავს მაღალკვალიფიციურ და სერტიფიცირებულ ამფეთქებელთა პირველი ჯგუფი, რომლებიც სათანადოდ არიან მომზადებული და პრაქტიკული გამოცდილება თეორიული ცოდნით აქვთ განმტკიცებული. ველით მორიგ ჯგუფსაც. სამთო საქმეში ჩვენს კომპანიას დიდი მოთხოვნა აქვს პროფესიონალ და სერტიფიცირებულ თანამშრომლებზე. იმედი გვაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამომავლოდაც დაგვეხმარება სხვადასხვა პროფესიის თანამშრომელთა მომზადებასა თუ გადამზადებაში. მადლობას ვუხდი ჩვენს თანამშრომლებს და ვუსურვებ, ყოველთვის ჰქონდეთ პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი“, - აღნიშნა მიხაილ სოცკიმ.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ამფეთქებლის პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის სახელით, საქმიანობაში წარმატება უსურვა. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს, როგორც წარმოებას, ასევე ამ მეტად საჭირო პროფესიის ადამიანებს.
„წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. სწორედ 100 წლის წინ, უნივერსიტეტის დაარსების გარიჟრაჟზე, ერთ-ერთი პირველი ფაკულტეტი სამთო მიმართულების იყო და მოიცავდა მადნის მოპოვებისა და გადამუშავების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესს. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღმავლობის გზაზეა, რაც ბუნებრივია, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებზე აისახება. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა ახალი, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, რაც გულისხმობს კადრების მომზადებას, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სათანადო პერსონალის მომზადებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს. სამთო დარგში ამფეთქებლის სპეციალობა ერთ-ერთი ძალიან სპეციფიკური და დიდი რისკების შემცველია. პროფესიით დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტი აწვდის სათანადო თეორიულ ცოდნას, რომელსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ პრაქტიკში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა: „არემჯი“, „საქნქხშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს კურსდამთავრებულებს“, - განაცხადა ანზორ აბშილავამ.
სამთო-გეოლოგიურ წარმოებაში, ქანების ნგრევის მიზნით, ფართოდ იყენებენ აფეთქების ენერგიას. პროცესის ეფექტურად და უსაფრთხოდ წარმართვა კი ფეთქებად ნივთიერებათა თვისებების, ასაფეთქებელი სამუშაოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის ღრმა ცოდნას მოითხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა „ამფეთქებელი“, რომელიც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორებმა: თამაზ შარაშენიძემ, აკაკი გოჩოლეიშვილმა და გელა მაჩაიძემ შეიმუშავეს.