
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბექა ჯაყელის საჯარო ლექცია: „ტურიზმის გლობალური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართება.
ბექა ჯაყელი ლექციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ონლაინ-რეჟიმში წარსდგება და მათთან ტურიზმთან დაკავშირებულ, შემდეგ საკითხებს განიხილავს:
1. ტურიზმის მზარდი მნიშვნელობა პერიოდების მიხედვით;
2. ტურიზმი 2019 წელს;
3. ტურიზმი პანდემიის პირობებში და გლობალური კრიზისის უარყოფითი გავლენა სექტორზე;
4. სამი უმთავრესი საფრთხე ტურიზმის სექტორისათვის;
5. ძირითადი ტენდენციები, მაგალითები და ტურიზმის მზარდი სახეობები;
6. ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ტურიზმის დარგის მმართველობის მიმართულებით?
7. გლობალური კრიზისი და ახალი ბიზნეს მოდელები მსოფლიო ბაზარზე;
8. მდგრადი განვითარების მნიშვნელობა;
9. გაეროს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლი მდგრადი განვითარების მიმართულებით;
10. UNWTO-ს სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები;
11. ქვეყნების მთავარი პრიორიტეტები და UNWTO-ს როლი;
12. საქართველო და UNWTO. O
ბექა ჯაყელის პროფესიული კარიერა აერთიანებს ლიდერთა და მენეჯერულ პოზიციებს საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, ინდუსტრიის ცოდნასა და კონსულტირებას.
2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ბექა ჯაყელი დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", რომელიც მას მიენიჭა ტურიზმის სექტორის განვითარებაში ეფექტური სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის, მაღალი სტანდარტების პროფესიული ტურისტული სკოლის დაარსებისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.