სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელისუფლება და საზოგადოება-2022“ გაიმართა

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელისუფლება და საზოგადოება-2022“ გაიმართა

01-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელისუფლება და საზოგადოება-2022“ გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები. ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი შტეფან ჰუტერი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომინიკ შუგი.

კონფერენცია გახსნა პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ფაკულტეტი, რომელზეც ჩამოყალიბდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მიმართულებები. დღეს უკვე ფაკულტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო მმართველობის მეცნიერების განვითარებაში. ეს სამეცნიერო კონფერენციაც, რომელიც 16 წელია ყოველწლიურად ტარდება, გამოცდილ და ახალბედა მრავალ მეცნიერს იზიდავს, როგორც ჩვენი, ასევე, უცხოეთის ქვეყნებიდან. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციას მიესალმნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; სტუ-ის საპატიო დოქტორი, ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუტერი; ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომინიკ შუგი; პროფესორები - შოთა დოღონაძე, ლევან ჯაფარიძე.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის, შტეფან ჰუტერის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზარლაანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენ ვამაყობთ იმ თანამშრომლობით, რომელიც გვაკავშირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მომავალ წელს დავიწყოთ დოქტორანტურის ერთობლივი პროგრამა. ჩვენი მეცნიერ-თანამშრომელი იქნება პირველი კანდიდატი, რომელიც ჩაირიცხება ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, მობილობის საკითხია. ჩვენ ორი წლის წინ ვიყავით საქართველოში და დავინახეთ, რომ ეს საკითხი თქვენთვისაც აქტუალურია. დღეს მსოფლიოსთვის, კრიზისის პირობებში, ამ საკითხმა უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. ეს კონფერენციაც სწორედ ამგვარი საკითხების გადაჭრისთვის არის საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო თემა ზუსტად ასახავს ვითარებას“, - განაცხადა შტეფან ჰუტერმა.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეების ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ამოქმედდა ორი უნივერსიტეტის ერთობლივი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა, რომლის პირველი დოქტორანტი იქნება ზაარლანდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. ეს თავიდანვე ძალიან კარგი იდეა იყო და რაც მთავარია, სწრაფად შესრულებადი. წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

კონფერენცია გაგრძელდა სექციურ ფორმატში. მომხსენებლები განაწილდნენ 3 სექციად: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

 

სიახლეებში დაბრუნება