სტუ-ის საპატიო დოქტორის, გოგი კვარაცხელიას სამეცნიერო ნაშრომს უცხოელი მკვლევარი და ქართველი მეცნიერები მაღალ შეფასებას აძლევენ

სტუ-ის საპატიო დოქტორის, გოგი კვარაცხელიას სამეცნიერო ნაშრომს უცხოელი მკვლევარი და ქართველი მეცნიერები მაღალ შეფასებას აძლევენ

28-10-2022

როგორ, რა მექანიზმებით ან რა საშუალებებით შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები? - ეს ხომ დღემდე ამოუხსნელი და ერთ-ერთი მთავარი თავსატეხია მსოფლიო საოცრებათა მკვლევრებისთვის.

ამ მკვლევართაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, პოლკოვნიკი გრიგორი (გოგი) კვარაცხელიაა, რომელიც მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ის არაერთი წელია ინტენსიურად იკვლევს, თუ როგორ შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები. თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ხეოფსის დიდი პირამიდის მაგალითზე, მან მსოფლიოს ერთ-ერთი რეალური საოცრების სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმი შექმნა. გოგი კვარაცხელიას ნაშრომი ახალი, უნიკალური მიდგომაა, რომელიც მოიცავს კვლევებს, კონსტრუქციის მაკეტსა და პირამიდის მშენებლობის იდეის ანიმაციას.

სტუ-ის საპატიო დოქტორმა, გოგი კვარაცხელიამ არა მხოლოდ თეორიისა და ნახაზების დონეზე შეიმუშავა პირამიდის ქვის ლოდების წყობისა და სიმაღლეზე აზიდვის ტექნოლოგია, არამედ ეს პროცესი პრაქტიკულადაც წარმოადგინა. პირამიდების მშენებლობის ყველა სავარაუდო მეთოდის შესწავლის შემდეგ, მკვლევარი მიიჩნევს, რომ პირამიდის აგების პრინციპი არასტანდარტული ფრაქტალის გეომეტრიული ნიმუშია, ხოლო ნაგებობის სიმძიმის ცენტრი და სიმტკიცის ძალთა გადანაწილების ურთულესი ფორმულა - წმინდა მათემატიკური გათვლების ფანტასტიკური შედეგი.

ქართველი მეცნიერის ნაშრომით უძველესი და პრეისტორიული არქიტექტურული ძეგლების მკვლევარი, London South Bank University-ის (LSBU) პროფესორი, დოქტორი ფუად ღოსსაინიც (Prof. Dr. Fouad Ghoussayni) დაინტერესდა. ის ქართველ კოლეგას რეკომენდაციას აძლევს, თავისი ნაშრომი ეგვიპტის არქეოლოგიურ საკითხებში ერთ-ერთ წამყვან მკვლევარს, პროფესორ, დოქტორ მოჰამედ ელ-გოჰარის (Prof. Dr. Mohammed A. El-Gohary) აუცილებლად გააცნოს:

„ეჭვსგარეშეა, რომ თქვენი კვლევა არის ტექნოლოგიური პროგრესი პირამიდების მშენებლობისას ბლოკების აწევა-გადაადგილების კუთხით; ძალზე საინტერესოა თანდართული ანიმაციაც. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ ეგვიპტის არქეოლოგიურ საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, პროფესორ მოჰამედ ელ-გოჰარის საკონტაქტო ინფორმაციას, რათა შეძლოთ თქვენი კვლევა მასაც გააცნოთ“...

გოგი კვარაცხელიას სამეცნიერო ნაშრომს მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სალუქვაძე:

„... ბატონი გოგი კვარაცხელიას ჰიპოთეზა პირამიდების მშენებლობის წარმოების ორგანიზაციისა, ჩვენი აზრით, არის უფრო სრულყოფილი, ვიდრე დღეს ჩვენს ხელთ არსებული მოსაზრებები ამ უნიკალური ძეგლის მშენებლობისა. აქ პანდუსის პრინციპი, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო, დიდი სიმძიმის მქონე ტვირთის ასატანად შერწყმულია ჰორიზონტალურად გადასაადგილებელ სივრცესთან, რომელიც პირამიდის სიმაღლის მიხედვით იცვლება და უზრუნველყოფს პირამიდის ეტაპობრივ მშენებლობას. მისი საინჟინრო კონსტრუქციული გადაწყვეტილება და მშენებლობის პროცესი თავისთავად საინტერესო მიგნებად უნდა მივიჩნიოთ“...

სამეცნიერო კვლევას ეხმიანებიან და დადებით რეკომენდაციას უწევენ ცნობილი მათემატიკოსები: ევროპის მათემატიკური საზოგადოების წევრი, ამერიკის მედიტერიანული კვლევების ასოციაციის წევრი, პროფესორი გია კვაშილავა; სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია; სტუ-ის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები ალექსი კირთაძე და შაქრო ტეტუნაშვილი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი ალექსანდრე მესხი:

„... მათემატიკურ ობიექტებზე დაყრდნობით, ბატონმა გოგი კვარაცხელიამ გამოთქვა საინტერესო მოსაზრება ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის აღწერასთან დაკავშირებით. კერძოდ, მან ამ ობიექტზე დაყრდნობით წარმოადგინა ხარაჩოთა კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ეფექტურად აშენდეს ისეთი რთული ბუნების ობიექტები, როგორიცაა ეგვიპტის ცნობილი პირამიდები... მიგვაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი ჰიპოთეზა ფრიად საინტერესო და რეალისტურია დღემდე გამოთქმულ ჰიპოთეზებს შორის და მას ვუწევთ რეკომენდაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან განსახილველად“.

გოგი კვარაცხელიას მიერ სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ ჰიპოთეზას იზიარებენ და რეალურს უწოდებენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები: ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი; დეკანის მოადგილე, პროფესორი იური ქადარია; პროფესორები: გუგა ჭოხონელიძე, ლია კახიანი, მარინა ჯავახიშვილი და გინა გურეშიძე:

„... ბატონი გოგის მიერ შემუშავებულია მშენებლობის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პრინციპი, რომელიც ყველაზე რეალურია და არ ეწინააღმდეგება აქამდე დაგროვილ და გაზიარებულ მოსაზრებებს, პირიქით, შესაბამისობაში მოდის საუკუნეების განმავლობაში არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებთან... მიგვაჩნია, რომ მისი ჰიპოთეზა, პირამიდების მშენებლობის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, იმსახურებს მეცნიერთა მხრიდან მხარდაჭერას".

სიახლეებში დაბრუნება