სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

28-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობ სტუდენტთა მუსიკალურ-ლიტერატურული პერფორმანსით გაიხსნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სტუ-ის ადმინისტრაციის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მიესალმნენ.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი, რომელიც აფხაზური ენის ციფრული კვდომის საფრთხეებისგან დაცვაზე მუშაობს.

„აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, შესაბამისად, ის ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო აფხაზეთზე, ჩვენი სამშობლოს დროებით ოკუპირებულ ძირძველ მიწა-წყალზე. გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილგონივრული, მშვიდობიანი ნაბიჯებით, აფხაზეთი დედა-სამშობლოს წიაღს აუცილებლად დაუბრუნდება. ამ პროცესში, უდავოდ, დიდია განათლებისა და მეცნიერების როლი. იმისთვის, რომ ვიფიქროთ მერმისზე, უნდა ვიცოდეთ წარსული, იმისთვის, რომ ავაგოთ ქართული ენის მაღალტექნოლოგიური მოდელი, კარგად უნდა ვიცოდეთ ქართული და  ქართველური ენების შენების პრინციპები. სამწუხაროდ, დღეს რეალური საფრთხეების წინაშე ვართ - იუნესკოს მონაცემებით, მსოფლიოში 6500-ზე მეტი ენაა, რომელთა უმრავლესობას გაქრობა ემუქრება და მათ შორისაა აფხაზური ენა, რომელიც ასევე სერიოზული საფრთხის წინაშეა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი, რაშიც უდავოდ დიდია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრის, ბატონ მიხეილ ჩხენკელის წვლილი. ცენტრი მეცნიერულად იკვლევს აფხაზურ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მისი ციფრული კვდომის საფრთხეებისგან დაცვაზე მუშაობს. დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ უნახავთ აფხაზეთი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღონისძიება სწორედ მათთვისაა მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აფხაზეთისა და აფხაზური ენის შესახებ, უნდა იცოდნენ, რომ აფხაზური ენის, იდენტობისა და კულტურის დაცვა-განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც ასეთ მძაფრ ემოციებს იწვევს, ხშირად უნდა იმართებოდეს. ის, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიხილეთ, ნამდვილად განსაკუთრებულია. ამისთვის მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს, მკვლევრებს და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. ჩვენმა თაობამ იცის, რაოდენ მძიმეა რუსიფიკაციის შედეგები და მასშტაბი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვიცით, რაოდენ რთულია დაიცვა ის პირობები, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებს უკავშირება.  მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები. მისასალმებელია ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. ეს მკაფიო ნაბიჯია იმისათვის, რომ უფრო აქტიურად განვახორციელოთ სამშვიდობო პოლიტიკა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის პროფესორი, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალეკო ცინცაძე და სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

28.10.2022

 

სიახლეებში დაბრუნება