სტუ-ში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა

სტუ-ში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა

24-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა.

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, უკრაინის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო, ბელოსტოკის ტექნიკური (პოლონეთი), ტარტუს (ესტონეთი), ყაზახეთის ნაციონალური პედაგოგიური, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური (ლიეტუვა) და უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტების მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და დოქტორანტებმა.

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. როგორც მან განაცხადა, ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკასა და თანამედროვე ეკონომიკური მოდელების განხილვას დაეთმობა.

„ფორუმზე წარმოდგენილი თემები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უფრო დღეს, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევევების წინაშე დგას. ვფიქრობ, საკითხები, რომლებზეც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები იმსჯელებენ, დროულია.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკასა და თანამედროვე ეკონომიკური მოდელების განხილვას. სწორედ რომ მეცნიერებამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა იმ ურთულესი პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა: შიმშილი თანამედროვე მსოფლიოში, ბავშვებზე ზრუნვა, მცირე ქვეყნების როლი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების საქმეში, შშმ პირთა პრობლემატიკა, ფულის გათეთრება, ტერორიზმი და სხვა. ეს პრობლემები დღეს გამოწვევების სახით დგას კაცობრიობის წინაშე“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ მუშაობა სამ დამოუკიდებელ სექციად წარიმართა. განსახილველად წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის: მსოფლიო ქვეყნების მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის გამოცდილება; მიწის რესურსების აღრიცხვის პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები; სატრანსპორტო ლოგისტიკური დარგის პრობლემები საქართველოში თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში; უწყვეტი განათლება - კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მისი განვითარების საუკეთესო პირობა; დანაშაული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში; პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის; ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც საერთაშორისო კომპანიების ეფექტიანობის ამაღლების ფაქტორი.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით, საერთაშორსო ეკონომიკურ ფორუმზე განხილული თემები გამოქვეყნდება ჟურნალში -  „ბიზნესინჟინერინგი“. გამოცემაში შემუშავებული სამეცნიერო რეკომენდაციები სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და გლობალური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული აკადემიური წრეებისთვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება