საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთში 2022 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს.
ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი (სტუ | თინათინ ჭაუჭიძე, იზოლდა ცინცაძე) ფინალში „ბათუმი 2“-ს შეხვდა, თამაში დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 მოიგო და შესაბამისად, წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონის ტიტული, ასევე, მოიპოვა სტუ-ის ვაჟთა გუნდმა (სტუ | გიორგი ჯანელიძე, ნიკოლოზ მჭედლიძე), რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში „ბათუმი 3“-ს დაუპირისპირდა და ასპარეზობა გამარჯვებით - 2:1 დაასრულა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორივე გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 1500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით, უნივერსიტეტის საიუბილეო წელს, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ორივე სტუდენტური გუნდის გამარჯვება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი გამარჯვებით, უნივერსიტეტს არა მხოლოდ საიუბილეო თარიღი მიულოცეს, არამედ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტურ გუნდებს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოდითგანვე იყო განვითარებული სპორტის სხვადასხვა სახეობები. უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთავრებული, საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგის ცნობილი სპეციალისტები, მკვლევრები და მეცნიერები, იმავდროულად, ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ისინი საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდნენ, იმარჯვებდნენ და შორს გაჰქონდათ, როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სახელი. სტუდენტური სპორტული სახეობების გააქტიურება და პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუკუნოვან ტრადიციებს ჩვენი სტუდენტები დღეს ღირსეულად აგრძელებენ და ამისთვის მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.
ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატს, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორმა“ უმასპინძლა.
