საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ფაკულტეტის ორგანიზებით, ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს იურისტმა, ეკატერინე ბარათაშვილმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინო ბულაშვილმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, რომლის განხილვის თემა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის (ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის) პრობლემატიკა იყო, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
„მისასალმებელი და აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში, საქართველო კვლავ პირველ კალათაშია და აკმაყოფილებს სტანდარტებს, იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ. ანგარიშში აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე, პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში სერვისების მიწოდებას ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის და დაზარალებულთათვის, როგორც თავშესაფრების, ასევე კრიზისული ცენტრების ბაზაზე“, - აღნიშნა ეკატერინე ბარათაშვილმა.
სტუდენტებს ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების ტექნიკის, ოჯახში ძალადობის პრევენციის პროგრამების, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების შესახებ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები ესაუბრნენ.