სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი რეგიონებში ღია კარის დღეების ჩატარებას განაგრძობს

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი რეგიონებში ღია კარის დღეების ჩატარებას განაგრძობს

20-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მიწვევით, რეგიოენბში ღია კარის დღეებს მართავენ.

ღია კარის დღეები სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ხვდებიან და იმ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელსაც საფუძველი, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პირადად, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაუყარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოში პირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა.

„როდესაც მთავრობამ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დაარსების შესახებ ინიციატივა გააჟღერა და შესაბამის საგანმანათლებლო უმაღლეს სკოლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დასახელდა, უნივერისტეტმა დაიწყო მოლაპარაკებები მთის საკითხებზე ორიენტირებულ ევროპის, როგორიცაა – შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია – წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. აღმოჩნდა, რომ მთის პრობლემატიკის მხოლოდ აგრარულ ჩარჩოში ჩასმა არ არის სწორი, ის უნდა ყოფილიყო უფრო სისტემური. ამიტომ დავამუშავეთ პროგრამები: მთის მდგარდი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი;  მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა;  ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა. საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთის მდგრად განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ, გადაწყდა რომ საბაკალავრო საფეხურს მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ პროგრამამ აბიტურიენტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტს მიმართეს რეგიონების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, რათა ჩვენს პედაგოგებს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის. უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფაკულტეტის წარმომადგენლებს ღია კარის დღეები გაემართათ ყველა მუნიციპალიტეტში. სასიხარულოა, რომ მომავალი აბიტურიენტები დიდ დაინტერესებას იჩენენ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მორიგი ღია კარის დღეები თიანეთსა და ხაშურში გამართეს. ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, აბიტურიენტების მხრიდან ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა.

„ამჯერად, ჩვენ შევხვდით თიანეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, პედაგოგებს, რესურსცენტრების წამომადგენლებს, მშობლებს. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, ხაშურში, მთის სტატუსის მქონე 37 სოფლის სამომავლო მდგრადი განვითარების  სტრატეგიული  პრიორიტეტების დაგეგმვა-გახორციელება-მონიტორინგისა და შეფასებით ნაწილში მეურვეობითი, საშეფო, საკონსულტაციო, სარეკომენდაციო მიმართულებით, პარტნიორულ საწყისებზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შესაბასი მემორანდუმის გაფორმების მეშვეობით, თანამშრომლობის დაწყება დაიგეგმა. მსგავსი ინიციატივა არაერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გააჟღერა. ჩვენ მომავალ სტუდენტებს ვესაუბრებით იმ სასწავლო პროცესზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სთავაზობს. ასევე, ვაწვდით ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ მუნიციპალიტეტში მთის მდგრადი განვითარების დარგობრივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესში ტექნიკური უნივერსიტეტის სამომავლო ჩართულობისა და საზაფხულო სტუდენტური ბანაკების მოწყობის შესახებ. სასიხარულოა, რომ დაინტერესება ძალიან მზარდია“, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და 2022 წლის, როგორც მთის საერთაშორისო წლის აღსანიშნად, 11 დეკემბერს, როდესაც მსოფლიო მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, სტუდენტთა და ბიზნესის  წარმომადგენელთა მონაწილეობით, ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციას ჩაატარებს.

 

სიახლეებში დაბრუნება