სტუ-ის „იუნესკოს კათედრამ“, იუნესკოს საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრას უმასპინძლა

სტუ-ის „იუნესკოს კათედრამ“, იუნესკოს საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრას უმასპინძლა

19-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრამ“, „გურჯიევის საერთაშორისო კონფერენცია 3“-ის ფარგლებში, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) გენერალურ დირექტორთან, იუნესკოს საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პრეზიდენტ ტობიას ბიანკონესთან (შვეიცარია) გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

ტობიას ბიანკონე შეხვედრის მონაწილეებს იუნესკოს საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელისა და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისივე თქმით, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და საერთაშორისო ქსელში ჩართვა, ერთი მხრივ, მოცეკვავეების, მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნისთვის ეკონომიკური ეფექტიანობის მომტანია. გარდა ამისა, ტობიას ბიანკონემ საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ორგანიზაციისთვის ხელოვნება, რომელიც იქმნება საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, არასოდეს არის პრიორიტეტული, რადგან ყველა ხელოვნება თანაბარია. დაინტერესებული ვართ, როგორც ტრადიციული საშემსრულებლო, ასევე თანამედროვე ფორმებით, გვაინტერესებს ნებისმიერი მხატვრული პროცესი, რომელშიც ხელოვანია ჩართული. დიდი სურვილი გვაქვს გავაძლიეროთ ხელოვანის უფლებები და შემოქმედებითი გამოხატვის საშუალებები, რაც მაყურებელსაც მოიცავს. იუნესკოს მიზნები ორიენტირებულია შემოქმედებით პროცესზე, ხარისხსა და შედეგზე. მხარეების ნაყოფიერი თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ დაგაკავშიროთ მსოფლიოს და მსოფლიო დაგაკავშიროთ თქვენ. იუნესკოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლებაა. ამ მიზნით არის შექმნილი საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელი. როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში სახელოვნებო განათლების შეტანას ცდილობენ“, - განაცხადა ტობიას ბიანკონემ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო სკოლის დაფუძნებაა, რაც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან პარტნიორობითა და მისი პატრონაჟით ხორციელდება; ასევე, იმსჯელეს საუნივერსიტეტო სტრუქტურასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

როგორც სტუ-ის „იუნესკოს კათედრის“ ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ხეთაგური აღნიშნავს,  ITI-ის პატრონაჟითა და პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბაზაზე საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო სკოლის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს იძლევა საშუალებას განვითარდეს საუნივერსიტეტო საერთაშორისო სკოლა, რომელიც იფუნქციონირებს, როგორც დიდი საერთაშორისო-საგანმანათლებლო ცენტრი, სწავლების სამივე საფეხურით, რომელიც შეძლებს მართოს შემოქმედებითი პროცესები და უზრუნველყოს ახალგაზრდების, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა.

„იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის ახალი პოლიტიკისა და სტრატეგიისთვის მთავარია სასაწავლო პროცესში სტუდენტების მხრიდან რაც შეიძლება მეტი კრეატიულობის შემოტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შემოქმედებითი მიდგომების, შემოქმედებითი აზროვნებისა და უნარების გაძლიერება. ამავე დროს, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ITI-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვავითაროთ საერთაშორისო სკოლა, რომელიც იფუნქციონირებს, როგორც დიდი საერთაშორისო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც თავს მოიყრის შემოქმედებითი პროცესები, ასევე შესაძლებელი იქნება კულტურის სწორად მართვა. ამ შემთხვევაში საუბარია მენეჯმენტზე და საშემსრულებლო ხელოვნებაზე, რაც, ვფიქრობ, სრულიად ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის. თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, აღმოვაჩენთ, რომ  უნივერსიტეტების დიდ უმეტესობას გააჩნია მძლავრი შემოქმედებითი მიმართულებები და ეს მართლაც რომ შესაძენი კვალიფიკაციაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია, რომ სამომავლოდ, საშემსრულებლო ხელოვნების საუნივერსიტეტო სკოლა თავისი არსით იყოს საერთაშორისო, უცხოელ კოლეგებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობით შევიმუშაოთ საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდეს ის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც საშემსრულებლო ხელოვნებასა და საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტში სწავლების სამივე საფეხურის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგება“, - აცხადებს ლევან ხეთაგური.  

გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ ლევან ხეთაგურის მედიაციით წარიმართა, მონაწილეობდნენ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) ვიცე-პრეზიდენტი ფაბიო ტოლედი (იტალია), გროტოვსკის ცენტრის დირექტორი იაროსლავ ფრეტი (პოლონეთი), შტაინერის მუზეუმის დირექტორი დიჟანა პოსავეცი (ხორვატია), საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, რუსთაველის, ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, გორის, ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები, ასევე, უცხოელი სტუმრები.

 

სიახლეებში დაბრუნება