ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, ემერიტუს კონსტანტინე კამკამიძის ხსოვნას

ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, ემერიტუს კონსტანტინე კამკამიძის ხსოვნას

19-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გულისტკივილით იუწყებიან, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ახალგაზრდობის ღირსეული აღმზრდელი და ღვაწლმოსილი მამულიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი კონსტანტინე კამკამიძე.

ბატონი კონსტანტინე კამკამიძე იყო მაღალი რანგის მეცნიერი, ნიჭიერი ორგანიზატორი და შესანიშნავი პედაგოგი, გამორჩეული ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისადმი თავდადებით, თავისი პროფესიის მიმართ ერთგულებით, კოლეგებისა და სტუდენტების უდიდესი სიყვარულით.


1975 წელს მან ღირსეულად შეცვალა თავისი მასწავლებელი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი და სათავეში ჩაუდგა უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრას, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებულია მისი დამსახურება კათედრის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.


ფასდაუდებელია პროფესორ კონსტანტინე კამკამიძის მოღვაწეობა საქართველოში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური სამეცნიერო სამუშაოები მრავალპროცესორიანი გამოთვლითი სისტემების მოდელირებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. აღსანიშნავია ქვეყნის ენერგოგაერთიანებაში მის მიერ დამუშავებული ახალი მრავალპროცესორიანი სისტემების დანერგვა. თვალსაჩინოა ბატონი კოტეს მიღწევები რთული საწარმოო პროცესების მართვისთვის ახალი პარალელური მოქმედების კომპიუტერების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის მიმართულებით. ის 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 10 გამოგონების ავტორია. მის სახელმძღვანელოებზე აღიზარდა ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის სპეციალისტთა მრავალი თაობა; ის გახლდათ მრავალი სამეცნიერო კვლევის, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.


მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა აღზრდის საქმეში გაწეულმა ღვაწლმა პროფესორ კონსტანტინე კამკამიძეს დამსახურებული ავტორიტეტი და აღიარება მოუპოვა. ის იყო საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკული აკადემიების ნამდვილი წევრი, საერთაშორისო კომპიუტერული მეცნიერებისა და სისტემების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტკივილით თანაუგრძნობს ბატონი კონსტანტინეს ოჯახს.

სამარადისო ხსოვნა ღირსეულ მეცნიერს, პედაგოგს, კოლეგას!..

 

სიახლეებში დაბრუნება