სტუ-ის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია ამჯერადაც მოიპოვეს

სტუ-ის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია ამჯერადაც მოიპოვეს

17-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა, ხოლო 2022 წელს სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულმა ყველაზე მაღალქულიანმა აბიტურიენტმა ფონდის პრემია მოიპოვა.

საქართველოს მასშტაბით, 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეულ, უმაღლესი რეიტინგის მქონე 19 ბაკალავრსა და აღნიშნულ უნივერსიტეტებში წლევანდელი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ, უმაღლესი ქულის მქონე 6 პირველკურსელს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „მოქსიში“ შეხვდნენ, ჯილდოები გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სტიპენდიანტებს, პრემიის მფლობელებსა და შეკრებილ საზოგადოებას სასტიპენდიო პროგრამის მიზნებზე, მნიშვნელობასა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ.

დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი გინა გურეშიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - დავით კუჭუხიძე; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - გვანცა ცხადაძე; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - თამარ შამათავა. სამივე სტუდენტს, საშემოდგომო სემესტრის მანძილზე, საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით გადასცემს.

„ჩემი ემოციები ახლა განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს მასშტაბით 25 საუკეთესო სტუდენტს შორის ერთ-ერთი ვარ. შრომა რომ ფასდება, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - მადლობა ამისათვის თამაზ ბექაიას ფონდს და ჩემს უნივერსიტეტს. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თუ მთელ შენს სულს, გულსა და გონებას ჩართავ, შედეგს აუცილებლად საუკეთესოს მიაღწევ. ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, მიზანმიმართული, დაუღალავი შრომა და შეუპოვრობა. წინ ახალი გამოწვევები მელის“, - ამბობს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ შამათავა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული აბიტურიენტი ოთარ გალდავა ბექაიას ფონდის პრემიის მფლობელი  გახდა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პირველკურსელს ფონდისგან 1500 ლარის ოდენობით ერთჯერადი პრემია გადაეცა.

„ორმაგად სასიხარულოა, როდესაც სტუდენტების შრომა და წარმატება არა მხოლოდ უნივერსიტეტში ფასდება, არამედ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ დამოუკიდებლად მოქმედი საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიასა და სპეციალურ პრემიას გადასცემს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთ წარმატებული უმაღლესი სკოლაა, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში მაღალპროფესიონალ სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენი სტუდენტების მიერ მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მათთვის, მით უმეტეს, რომ ისინი სახელმწიფო სტიპენდიანტებიც არიან. ეს უდიდესი მოტივაციაა, როგორც მათთვის, ასევე, სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რომ კიდევ უკეთ ისწავლონ, იშრომონ, ღირსეულად დასაქმდნენ და უნივერისტეტში შეძენილი ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და წარმატება ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, - აცხადებს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ წერეთელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

 

სიახლეებში დაბრუნება