საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და უნივერსიტეტში სამეწარმეო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა კილის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორს, დოქტორ კოლინ რიგბის.
სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, საპატიო დოქტორის წოდება ასევე მიენიჭათ: CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ იოაჰიმ მნიხს - საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის; ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ ლეხ დენისს - ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი მაგისტრებისა და დოქტორანტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისათვის, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მაქსიმ ლუცკის - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ნაციონალურ საავიაციო უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის; „თბილავიამშენის“ დირექტორს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, თვითმფრინავმშენებლობის გამოჩენილ ინჟინერს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პანტიკო თორდიას - ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო ლაბორატორიის შექმნის ინიცირებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერთა ინტერესი სტუ-ში მიმდინარე პროცესებით და შესაბამისად, ისინი გამოთქვამენ სურვილს, მეტად იყვნენ ჩართული სტუ-ის სამეცნიერო საქმიანობაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც მსოფლიო დონის მეცნიერები აღიზარდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობას უკეთესი მომავალი შევუქმნათ. ამისათვის აუცილებელია ჩვენ გვერდით იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ხელთ უპყრიათ მეცნიერების სადავეები. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საპატიო დოქტორის წოდება დღეს მივანიჭოთ დოქტორ კოლინ რიგბის. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება არაერთ გამოჩენილ მეცნიერს მივანიჭეთ, რაც როგორც ჩვენთვის, მათთვისაც სასიხარულო და საამაყოა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
კილის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორის, დოქტორ კოლინ რიგბის განცხადებით, მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დოქტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს და აკადემიურ საბჭოს გამოჩენილი ყურადღებისა და დაფასებისთვის და განაცხადა, რომ საპატიო დოქტორის ხარისხი მას მეტ პასუხისმგებლობას მატებს და ეს უნივერსიტეტთან უფრო მჭიდრო კავშირის დასაწყისია.