საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის - „მოდინახე“ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს, მრავალწლიანი სარეჟისორო მოღვაწეობისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა დიმიტრი ალექსიძის სახელობის ჯილდო გადასცა. გარდა ამისა, რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძე არჩეულ იქნა საქართველოს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ ჩატარდა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მიწვეული უცხოელი სტუმრები, თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი გეგეჭკორის თქმით, სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ერთ-ერთი საუკეთესო დასია, რომელიც ათეული წლებია ტოლს არ უდებს პროფესიონალურ თეატრებს, მისი მოყვარული მსახიობები კი მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობენ.
„მოდინახე“ ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია, სადაც პროფესიონალი რეჟისორის ხელმძღვანელობით, არაპროფესიონალი მსახიობები, სტუდენტები მაყურებლისთვის საინტერესო გარემოს ქმნიან და ჩვენთვის საყვარელი ავტორების პიესებს აცოცხლებენ. „მოდინახე“ 75 წლისაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი 100 წლის იუბილეს ზეიმობს. მთელი ამ 75 წლის მანძილზე, თეატრი იყო და არის ამ დიდი საინჟინრო სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. აქ ფეხი აიდგეს ისეთმა დიდმა მსახიობებმა, როგორიცაა: მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორმა და გივი ბერიკაშვილმა ითამაშე ამ სცენაზე და ასე შემდეგ. აქ დადგა თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა მიხეილ თუმანიშვილმა. სასიხარულოა, რომ ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ შეძლო თეატრის სიცოცხლის გახანგრძლივება და დღეს „მოდინახეს“ სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გვსურს, ბატონ ნუგზარს დიმიტრი ალექსიძის სახელობის ჯილდო გადავცეთ. წარმატებებს ვუსურვებთ ნუგზარ ბუცხრიკიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“, - აღნიშნა გიორგი გეგეჭკორმა.
საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.
„საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მართლაც რომ გამორჩეულია თავისი თეატრალური ტრადიციებით. ჩვენს თეატრს 75 წელი შეუსრულდა და ამ ხნის მანძილზე არაერთი ღირსშესანიშნავი საღამო აჩუქა საზოგადოებას, სტუდენტებს, თანამშრომლებს. პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დასი არნახული ენთუზიაზმით შეხვდა ჩვენს ინიციატივას, საქართველოს რეგიონებში საიუბილეო ტურნეს ჩატარების შესახებ. გაოცებული და ბედნიერი ვართ იმ დიდი წარმატებით, რაც „მოდინახემ“ ქარელში, გორსა და სენაკში გასტროლებისას მაყურებლისგან დაიმსახურა. ასევე, სასიხარულოა, რომ საუნივერსიტეტო თეატრი ღირსეულად წარსდგა მალტის წლევანდელ ფესტივალზეც. ვულოცავ ბატონ ნუგზარს საპატიო ჯილდოს მინიჭებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საუნივერიტეტო დასს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც რექტორი და სტუ-ის ადმინისტრაცია თეატრის მიმართ იჩენენ; ასევე, მან მადლიერება გამოხატა საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიას მიმართ.
„განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომლებმაც უზრუნველყვეს საუნივერსიტეტო თეარტ-სტუდიის საქართველოს მასშტაბით გასტროლი, მათი მხრიდან მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩვენი დასის სტუდენტი მსახიობებისთვის. შეუძლებელია მადლიერება არ გამოვხატოთ საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის მიმართ, დაბოლოს, ჩვენი თეატრის ფანკლუბის წევრების მიმართ, რომლებიც მუდმივად გვამხნევებენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ახალი სპექტაკლის დადგმაზე მუშაობას ვიწყებთ. ასე რომ, საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ახლო მომავალში, პრემიერაზე მივიწვევთ“, - აღნიშნა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.
ჯილდო „თეატრის ქომაგი“ საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ცნობილი დასის წევრებს, რომლებიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოღვაწეობდნენ, ხოლო ჯილდო „თეატრის ამაგდარი“ საუნივერსიტეტო დასის მენეჯერს, თამაზ კიკნაძეს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ დადგმული სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ითამაშა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
10.10.2022