საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაზე, რომელიც უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში მოეწყო, ფაკულტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებში გამარჯვებული პროექტები, მაკეტები, პოსტერები და ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენამ ვიზიტორთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სტუდენტური გამოფენა დაათვალიერეს და თავიანთი შეფასებები გააკეთეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, საიუბილეო კვირეულზე მიწვეულმა ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე: „100 წლის მანძილზე ჩვენს უნივერსიტეტს და იმ ფაკულტეტებს, რომლებიც უმაღლესი საინჟინრო სკოლის დაარსების გარიჟრაჟზე დაფუძნდა, უაღრესად საინტერესო ისტორიები აქვს. ჩვენი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების საკონკურსო პროექტებისა თუ ნამუშევრების დათვალიერებისას, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ახალგაზრდები ღირსეული შთამომავლები არიან ჩვენი დიდი არქიტექტორების და მშენებლებისა, რომლებმაც საქართველოში არქიტექტურული და სამშენებლო ხედვა ჩამოაყალიბეს. ეს ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების გზაზე თავის ღრმა კვალს აუცილებლად დატოვებენ“.
ცნობილი არქიტექტორი, სტუ-ის პროფესორი გიორგი სალუქვაძე: „არქტექტურის მიმართულება, სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი სპეციალობის სახით, 1922 წელს, რეგიონში ტექნიკური აზროვნების ამ დიდ ფლაგმანთან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა. ფაკულტეტმა მრავალი სასახელო თაობა აღზარდა. ჩვენი კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ და საინტერესო პროექტებს, ობიექტებს ქმნიან. მოხარული ვართ, რომ ახლაც არქიტექტურით დაინტერესებული არაჩვეულებრივი თაობა მოდის. არქიტექტურა მხოლოდ პროექტირება არ არის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას აძლევს. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე განსაკუთრებულად სწორედ ამ ახალგაზრდა თაობას გვინდა მივულოცოთ“.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე კობახიძე: „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ღირსშესანიშნავი თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ჩემი ნამუშევრებიც მოხვდა. ეს ემოცია და შთაბეჭდილებები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ყველამ ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ - დამთვალიებლის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპოზიციით წარვსდექით“.
როგორც ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა სამაგისტრო ნამუშევარი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულია. „ახლახან არქიტექტურის საერთაშორისო კვირეული დაიწყო. ამიტომ, ჩვენს გამოფენას ორმაგი დატვირთვა აქვს. სასიხარულოა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღებს, ასევე, არქიტექტურის საერთაშორისო კვირეულს ასეთი მასშტაბური გამოფენით აღვნიშნავთ“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
08.10.2022